“კიდურის ამპუტაცია კატებისთვის სერიოზული პრობლემაა” – ვახტანგ ლომჯარია ტრავმირებულ ცხოველებზე

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ წლის დასაწყისიდან დღემდე 800-ზე მეტ ტრავმირებულ შინაურ ცხოველს აღმოუჩინეს დახმარება. თავშესაფარში სულ 6 000-ზე მეტი ცხოველი შეიყვანეს. არის შემთხვევები, როცა ცხოველზე ადამიანებმა იძალადეს, მაგრამ უმეტესად ისინი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ზარალდებიან. ხშირია შემთხვევები, როდესაც ტრავმის გამო საჭირო ხდება ცხოველისთვის კიდურის ამპუტირება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ  განაცხადა, ცხოველს, რომელსაც კიდური აკლია, ურთულდება ადაპტაცია ქუჩაში, ასეთ ცხოველს მეტი დრო სჭირდება ქუჩის გადაკვეთისთვის, რა დროსაც იზრდება ახალი ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობა. მეორე მხრივ, ასეთი ცხოველი უფრო ადვილად მოიპოვებს საკვებს ადამიანებისგან.

“კიდურის ამპუტაცია პატარა ზომის ძაღლებისთვის პრობლემა არ არის, მაგრამ კატებისთვის ეს სერიოზული პრობლემაა, მას ხშირად უწევს ხეზე ახტომა, ან სიმაღლეზე თავის შეფარება ძაღლისგან თავის დასაცავად. ჩვენ ვცდილობთ მეტი ყურადღება გადავიტანოთ ასეთი ცხოველების გაჩუქებაზე, ვიდრე მათ ბუნებრივ არეალში გაშვებაზე. ტრავმირებული ცხოველები შემოგვყავს დაწყებული თათის დაზიანებიდან, ყურის ტკივილიდან და  ავტოსაგზაო შემთხვევით დამთავრებული, თუმცა აქ არის ქირურგიულ ოპერაციებზეც საუბარი, როდესაც ამპუტაციები კეთდება და შეუძლებელია ცხოველის კიდურის გადარჩენა“, – აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.

მისივე თქმით, გაჩუქების შემდგომ სააგენტოს წარმომადგენლები მუდმივ რეჟიმში ამოწმებენ ცხოველების მდგომარეობას სოციალური ქსელის, თუ ტელეფონის მეშვეობით.

რაც შეეხება ცხოველებზე ძალადობა ადამიანების მხრიდან, ასეთი შემთხვევების გამოძიება რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება ხშირად ხელს აფარებს ადამიანს, რომელმაც ამ ტიპის სისასტიკე ჩაიდინა.

“მრავალი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ცხოველის წამება და ტანჯვის მიყენება არის დანაშაული. ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება და დასჯაც”, – აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.

მსგავსი თემები