საქართველო ევროკავშირისგან 231 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს

ბრიუსელში, 21 ნოემბერს, საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით დაგეგმილი უმაღლესი დონის პირველი შეხვედრის ფარგლებში რამდენიმე შეთანხმებას და დოკუმენტს მოეწერება ხელი, რომელიც საერთო ჯამში საქართველოსთვის 231 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.​

კერძოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი ხელს მოაწერენ საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო – პროგრამის (Single Support Framework – SSF) 2018 წლის სამოქმედო გეგმას,  „უნარების განვითარების მხარდაჭერისა“ და  „საქართველოში ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის“ შესახებ დოკუმენტებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქალას ბრიუსელში, საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა გაიმართება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკომისრები.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში გამგზავრებამდე კომენტარი თბილისის აეროპორტში გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველო ასე ახლოს ევროსტრუქტურებთან არასდროს ყოფილა, შესაბამისად, ეს არის ისტორიული შანსი, რომელიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს.

პრემიერის თქმით, ეს არის საქართველოსთვის, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე, სპეციალურად შექმნილი ფორმატი, რომლის ფარგლებში ის აპირებს ევროპელ კოლეგებს კონკრეტული წინადადებები და ინიციატივები გააცნოს.

“ჩვენ გვექნება თემატური განხილვები ყველა მიმართულებით, თუ როგორ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებებში, ისეთი, როგორიც არის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, განათლების სფერო და სხვა მიმართულებები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები, რომელსაც ჩავუტანთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ინტეგრაციის პროცესი გავხადოთ კიდევ უფრო ეფექტიანი. დავაჩქაროთ და მივიღოთ უფრო მეტი კონკრეტული შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამასთან ერთად, ევროკომისიის დონეზე იხილება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და მე იმედი მაქვს, რომ ამ ინიციატივებს ამ ვიზიტის ფარგლებში წარმატებით დავასრულებთ“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის და  ევროკომისიის პრეზიდენტ იუნკერს.

ევროკომისიასთან განსახილველი თემატიკა მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიც არის: ეკონომიკა, ვაჭრობა და კომუნიკაციები, განათლება მეცნიერება, კულტურა და ინოვაციები, მართლმსაჯულება, შიდა უსაფრთხოება სამოქალაქო დაცვა.

უმაღლესი დონის შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი გახსნიან, რის შემდეგაც გაიმართება თემატური დისკუსიები, ფორმატი ასევე ითვალისწინებს სექტორული ხასიათის შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წევრებისა და ევროკომისრების მონაწილეობით.

მსგავსი თემები