​მოსახლეობას 1,5 მლრდ ლარის დავალიანება გაუნულდება – მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობის პრობლემაზე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება 31 დეკემბრამდე, “შავ სიაში” მყოფ ქვეყნის 600 ათას ოჯახს გაუნულდება, ისინი გარანტირებულად ამოვლენ მოვალეთა რეესტრიდან და ახალ წელს ვალის გარეშე შეხვდებიან. ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 000 სოციალურ დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე. მიმდინარეობს  მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებთან დაკავშირებით.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საუბარია  დაახლოებით მილიარდ ნახევარი ლარის დავალიანების განულებაზე. ვალების განულების პროცესი ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება და 15 დეკემბერს დაიწყება.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, “შავ სიაში” დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომლის ძირი თანხა არ აღემატება 2 000 ლარს. 600 000 ოჯახის მოვალეთა რეესტრიდან ამოღებაზე და  მათი ვალების განულების შეთანხმება უკვე მიღწეულია, მუშაობა გრძელდება სხვა ფინანსურ ორგანიზაციებთან. “ჩვენს ინიციატივასთან შემოერთების პარალელურად ვალებისგან გათავისუფლებული მოქალაქეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება”, – აცხადებს პრემიერი.

მამუკა ბახტაძის თქმით, ​ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება მევახშეებისა და უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა, იმედოვნებს, რომ მთავრობა დადებით შედეგს ამ მიმართულებითაც მიაღწევს.

“გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოქალაქეებს თავიანთი შემოსავლის უდიდესი ნაწილი ვალების მომსახურებაში არ მისდიოდეთ​ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მძიმე ტვირთს მოუხსნის ასობით ათას ოჯახს. ყველანი ვთანხმდებით, რომ ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე სიღარიბის დამარცხება წარმოუდგენელია. ამის ნათელი დადასტურებაა იუნისეფის ბოლო კვლევა, რომელმაც პირდაპირ მიუთითა ჭარბვალიანობასა და სიღარიბეს შორის მიზეზშედეგობრიობაზე. ჭარბვალიანობის ტვირთი იმდენად დიდია ბევრი ქართული ოჯახისთვის, რომ მძიმე კვალს ტოვებს ბავშვების და მოზარდების განვითარებაზე”, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

მისივე თქმით, საქართველოს თითქმის 700 000 მოქალაქე იმყოფება “შავ სიაში”, რის გამოც პრაქტიკულად მოკლებულია სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას.

“ამ გამოწვევაზე, პოლიტიკაში მობრუნებისთანავე გაამახვილა ყურადღება ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ამაზე ვსაუბრობდი მეც, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში და ახალი მთავრობის დამტკიცების დროსაც. დავდე პირობა, რომ წლის ბოლომდე გადავდგამდით ნაბიჯებს “შავი სიის” პრობლემის მოსაგვარებლად. ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და მოხარული ვართ, რომ როგორ საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა, მათ შორის სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარეს ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს”, – აცხადებს პრემიერი  მამუკა ბახტაძე.

მსგავსი თემები