ზუგდიდის საკრებულოს წევრსა და მის არასრულწლოვან შვილზე თავდასხმის ზუსტი დეტალები

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 სთ-ზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, მალხაზ თორია, მის არასრულწლოვან შვილთან ერთად ავტომანქანით მისული იყო რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მამის საფლავზე, რა დროსაც, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მის ავტომანქანას მიუახლოვდა და გზა ჩაუხერგა სამმა ავტომანქანამ. მათ შორის ერთ-ერთი იყო თეთრი ფერის, BMW-ს მარკის, X3 მოდელის, მეორე – ლურჯი ფერის, „მერსედესის“ მარკის, ხოლო მესამე – შავი ფერის (მისი მარკის გარჩევა დაზარალებულებმა ვერ შეძლეს) ავტომანქანა.

სამივე ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 8 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მალხაზ თორიას მის არასრულწლოვან შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმისას 2 მათგანი შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით (პისტოლეტებით).
თავდამსხმელები ახდენდნენ იარაღის დემონსტრირებას, იარაღს უმიზნებდნენ და სროლით ემუქრებოდნენ მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილს.
თავდამსხმელებმა მალხაზ თორიას ასევე დაუზიანეს ავტომანქანა, დაუჭრეს ავტომანქანის ოთხივე საბურავი და წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით ახლომდებარე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი.  თავდამსხმელები ახორციელებდნენ თავდასხმის ვიდეო-გადაღებას მობილური ტელეფონის საშუალებით.
თავდამსხმელებმა მალხაზ თორიას ღიად განუცხადეს თავდასხმის მიზეზი – პარტია „საქართველოსთვის“ წევრობა.  უთხრეს, რომ „მეტს იმსახურებდა, რადგან არასწორი გზა აირჩია და მათ განუდგა“.
აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელები დღის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ სოფელ კოკში, უთვალთვალებდნენ მალხაზ თორიას სახლს და ეძებდნენ ხელსაყრელ მომენტს თავდასხმისთვის.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 151-ე (მუქარა) და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება) მუხლებით.

მსგავსი თემები