ჩვენი შეურაცხყოფაა, როცა ქართველ ქალს შუბლის გახვრეტით ემუქრებიან – ომის ვეტერანი 

ომის ვეტერანი მიხეილ მეტრეველი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ომის ვეტერანებში განხეთქილება არ არსებობს, ისინი მხარდაჭერას პრეზიდენტობის ქალ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ.

როგორც მიხეილ მეტრეველი აცხადებს, ბოლო ხანებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ქართველი ვეტერანები გახლეჩილები არიან, რაც სიმართლე არ არის.

​იგი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ომის ვეტერანების შეურაცხყოფაა, როცა საქართველოში ქართველ ქალს, რომელიც დედასთან ასოცირდება, ვიღაც შუბლის გახვრეტით ემუქრება.

“ვეტერანები არ ვართ გახლეჩილები! ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას! ეს არასდროს მოხდება! ჩვენ როგორც არასდროს, ისე ვართ ერთ მუშტად შეკრული და თუ ვინმე გრიშას უჭერს მხარს, მათ გასაგონად ვამბობ. არ შეიძლება ომის ვეტერანი მხარს უჭერდეს გრიშას, რადგან ის რაც 2008 წლის ომიდან გამომდინარე დადგა შედეგი, მათი დანაშაულია. ვერასოდეს დავივიწყებ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის განცხადებას, რომ თურმე დიდი და პატარა ლიახვის ხეობა ყოფილა ხრიოკი და ქვაღორღიანი. ცნობისათვის, დიდი და პატარა ლიახვის ხეობა ჩვენთვის იყო სამოთხე დედამიწაზე. ბევრი ვაჟკაცი ყავს აღზრდილი და სამშობლოსათვის შეწირულები. ცხონებულ მერაბ მინდიაშვილს მზე და მთვარე ამოსდიოდა სამშობლოზე, ასევე, გია ყაულაშვილს და ძალიან ბევრს, მე იმ ხეობის აღზრდილი ვარ”, – წერს მიხეილ მეტრეველი.

იგი ვეტერანებს მოუწოდებს, არასოდეს დაივიწყონ 9 წლიანი რეჟიმი, მათი დარბევები, დაპატიმრებები და დახვრეტები. ყველა ერთად დადგნენ და ერთად უთხრან არა “ნაციონალურ მოძრაობას”.

“და კიდევ, მთელი ამ წინასაარჩევნო პერიოდში მიდის მიზანმიმართული შეურაცხყოფა, გინება ქალბატონი სალომეს მიმართ და ბოლოს კიდევ ვიღაც არაკაცი მკვლელობით დაემუქრა. ეს არის ჩვენი, ვეტერანების, სრულიად საქართველოს შეურაცხყოფა. ქართველ კაცს არასოდეს უკადრებია და არც იკადრებს ქართველ ქალს, რომელიც ჩვენში ყველაფერი დედასთან ასოცირდება, სიკვდილით დაემუქროს. ვიღაც არაკაცი შუბლის გახვრეტით ემუქრებოდა!…ეს ჩვენთვის მიუღებელია და არც დავუშვებთ!”, – წერს სოციალურ ქსელში ვეტერანი მიხეილ მეტრეველი.

მსგავსი თემები