როცა ჩემი ბიჭი ისმენს, რასაც ჩემზე ამბობენ, ძნელია ამას გავუძლო – სალომე ზურაბიშვილი 

საქართველოს პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყია იმის გამო, რომ დღეს უკვე არსებობს ქალთა შორის სოლიდარობა, რომელიც ძალიან დიდი ძალაა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წევრებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო არ არის ტიპური აზიური ქვეყანა, სადაც ქალები დაჩაგრულები არიან. მაგრამ არსებობს გარკვეული წინააღმდეგობები, რასაც ის ამ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წააწყდა.

მისივე თქმით, ქალისთვის ძნელია გაუძლოს, როცა მისი შვილები ისმენენ იმას, რისი მოსმენაც ამ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოუხდათ მის შვილებს.

„დავფიქრდი და მივედი დასკვნამდე. მე რომ ვყოფილიყავი ოჯახით, ჩემი შვილები აქ რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება ამ ბრძოლაში არ წავსულიყავი. ან ყოველ შემთხვევაში რამდენიმე დღის, კვირის შემდეგ ჩავთვლიდი, რომ ეს ძალიან დიდი და მძიმე ტვირთია. შეიძლება, ვერ გამებედა, რადგან ამ ქვეყანაში ბიჭი რომ გეზრდება, როცა იმას ისმენს, რასაც ამბობდნენ ამ პერიოდში, ალბათ, ძალიან ძნელია ქალისთვის ამას გაუძლოს. მაგრამ ამავე დროს, ვარ ძალიან დიდი იმედით. ყველაფრის მიუხედავად, ჩემი შვილი ჩამოვიდა და ჩემთან ერთად ბრძოლას აპირებს, ეს ძალიან დიდი ძალაა ჩემთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ახალი პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე იქნება ვალდებული სწორი მიმართულებით შეცვალოს საზოგადოება, რომ მიუახლოვდეს იმ იდეალს, რასაც მომავალი ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი საქართველო ჰქვია. ამაში კი დიდია განათლების წილი, რადგან მის გარეშე თანამედროვე საზოგადოება არ იქნება.

​სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს არის ყველა ის დარგი და ფუნქცია, რაც პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით ეკისრება.

“პრეზიდენტს აქვს ძალიან ბევრი საქმე, თუ სერიოზულად მიიღებს მას და არ ჩაერთვება პოლიტიკაში, რაც მე ნაკლებად მაინტერესებს. მინდა საზოგადოება შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ თანამედროვე, სამართლიანი და ქართული საზოგადოება. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მაგალითად პედაგოგებზე. განათლების გარეშე თანამედროვე საზოგადოება არ იქნება. განათლება პირველ რიგში, ნიშნავს მასწავლებლებისა და პედაგოგების პატივისცემას. ის ძველი საქართველო, რომლიდანაც მე მოვდივარ იყო დაფუძნებული სწორედ პედაგოგებზე, მასწავლებლებსა და მათ მიმართ პატივისცემაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები