ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე პირველი ანგარიში დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ პირველი ანგარიში 14 ნოემბერს, სტრასბურგში დაამტკიცა. ევროპარლამენტი მიესალმება მდგრად რეფორმებსა და ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, რამაც საქართველო ევროკავშირის მთავარ პარტნიორად აქცია რეგიონში.

ანგარიშში მკაფიოდ არის მითითებული, რომ საქართველო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს და თანმიმდევრულად მიუყვება ევროპული ინტეგრაციის გზას. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს შემდგომ დაახლოებას ევროკავშირთან და პოზიტიურად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავების თაობაზე.

ევროპელი პარტნიორები ხაზს უსვამენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების სწორ და უწყვეტ კურსს, ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებას, საჯარო დაწესებულებებში ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას და სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისკენ.

ევროპარლამენტი მიესალმება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას, სასამართლო რეფორმას, მედია გარემოს გაუმჯობესებას, კორუფციასთან ბრძოლას და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებებით გამოწვევების დასაძლევად კიდევ არის მუშაობა გასაგრძელებელი.

დოკუმენტში ხაზგასმულია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა. პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა – ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. ამასთანავე, ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის წინააღმდეგ თანმიმდევრული, კოორდინირებული, ერთიანი და მტკიცე პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობაზე. საგულისხმოა, რომ ამ ანგარიშით ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს კიდევ უფრო გაზარდოს ფინანსური დახმარება საქართველოსადმი.

სატრანსპორტო კავშირებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ენერგეტიკული გარემოს გაძლიერება, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების გაზრდა მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ევროკავშირი განაგრძობს იმ პროგრამების მხარდაჭერას, რომელიც განვითარებული ეკონომიკისა და ბიზნეს გარემოს შესაბამისი შრომის ბაზრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

განხილული ანგარიშით ევროპარლამენტი პოზიტიურად აფასებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობას ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან მხარდაჭერას და სამომავლო პერსპექტივების გაფართოების შესაძლებლობას წარმოადგენს.

მსგავსი თემები