საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, შუა კვირას გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დღეს მიიღეს.
არჩევნები 73 საარჩევნო ოლქში გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი გაიხსნება. საზღვარგარეთ გახსნილი უბნების რაოდენობა კი ჯამურად 57-ს შეადგენს.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 504 082 ამომრჩეველია, საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 795 ამომრჩეველი, ჯამში სულ – 3 518 877 ამომრჩეველი.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებისთვის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებენ.