ქვეყნის 5 ქალაქში ახალი კოლეჯები აშენდება, დაფინანსდება 3 000 სტუდენტის სწავლა 

2019 წლიდან, 20.3 მლნ ლარით გაიზრდება პროფესიული განათლების დაფინანსება, ასევე, ახალი კოლეჯები აშენდება მარნეულში, ხაშურში, მარტვილში, წყალტუბოსა და ჩოხატაურის რაიონებში. ბიუჯეტით დაახლოებით 15 600 სტუდენტის სწავლა დაფინანსდება, მათ შორის კერძო კოლეჯების 3 000 სტუდენტის.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა დღეს, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეს განათლების სამინისტროსთან ერთად მაჟორიტარი დეპუტატების დამსახურებაა.

კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმება იმ ფაქტს, რომ ბიუჯეტში პირველად არის გათვალისწინებული როგორც საჯარო, ასევე, კერძო კოლეჯებში სტუდენტების სახელმწიფო ვაუჩერით დაფინანსება.

მარიან ჯაშის შეფასებით, ეს ცვლილება წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემის პასუხია, იმაზე, რომ საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს შორის უფრო კონკურენტუნარიანი გარემო დაინერგოს.

“გადაიხედება როგორც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ისე ზოგადად მეცნიერების დაფინანსების პრინციპები, რათა გაუმჯობესდეს სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიების დაფინანსება და ხარისხი. პროექტის შემდგომი მოსმენისთვის ან 2019 წლის ბიუჯეტის შუალედური მიმოხილვისთვის, კომიტეტს კონკრეტული წინადადებები ექნება”, –  აცხადებს ჯაში.

მსგავსი თემები