„სიძნელე მოდის და მიდის. ასევე, სიხარული მოდის და მიდის“ – პატრიარქის მილოცვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს და ამხნევებს, რომ სიძნელეების არავის შეეშინდეს.

„ძმანო და დანო, გილოცავთ ახალ წელს. ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინ განჭვრეტა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად არსებობს სიძნელეები და ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი, რომ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობები, არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს. სიძნელე მოდის და მიდის, ასევე სიხარული მოდის და მიდის. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და არა მარტო მატერიალურად, არამედ სიტყვიერადაც“ – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ განსაკუთრებულად საავადმყოფოში, ციხეებსა და გაჭირვებაში მყოფი ადამიანები, ბავშვები დალოცა.

„განსაკუთრებით ვლოცავ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საავადმყოფოში, ციხეებში, გაჭირვებაში. ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვები უნდა დავლოცოთ. დედისა და მამის მიერ დალოცვილი ბავშვები ბედნიერი იქნებიან. განსაკუთრებით ვლოცავ ჩემ ნათლულებს, ჩემი ნათლულები უნდა გამოირჩეოდნენ რწმენით, სარწმუნოებით, ლოცვით. მომავალი საიმედო უნდა იყოს ჩვენთვის. უნდა გახსოვდეთ, რომ მომავალი ჩვენია, გისურვებთ ჯანმრთელობას”, – ბრძანა პატრიარქმა.

 

მსგავსი თემები