გაბრაზებული პრეზიდენტი პარლამენტიდან წავიდა, დარბაზი უმცირესობამაც დატოვა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი პროტესტის მიზეზი კი დებატების ფორმატის ცვლილებაზე უარი გახდა. კერძოდ, პრეზიდენტი ითხოვდა, დეპუტატების კითხვებზე ოპერატიულად ეპასუხა და დასკვნით სიტყვას არ დალოდებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის მოთხოვნა რეგლამენტის დარღვევა იყო. თუმცა, მან დებატების ფორმატის შეცვლის საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. პარლამენტმა დებატების ფორმატის შეცვლას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი დისკუსიაში პერმანენტულად ჩაერთვებოდა, მხარი არ დაუჭირა.

პრეზიდენტმა შენობის დატოვებამდე კი ამ გადაწყვეტილების მიზეზები თავად განმარტა: “პირველ რიგში, მინდა გავახსენო პატივცემულ საზოგადოებას ის, რომ დღეს უნდა ყოფილიყო დებატების ფორმატი. ამის თაობაზე 10 დღის განმავლობაში იყო დაანონსებული. ეს ერთი და მეორე – ჩემი სურვილი, რომ პატივცემულ დეპუტატებს ვუპასუხო, განპირობებულია ჩემი პატივისცემით მათდამი და სწორედ იქედან გამომდინარე, რომ მინდა ბოლომდე პასუხი გავცე მათ მიერ დასმულ კითხვებს. მესამე – შეუძლია მედიას ამოიღოს არაერთი შემთხვევა პრეზიდენტების პარლამენტში დებატებისა. და ბოლოს, ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში, არც ერთი პროცედურით არ არის გათვალისწინებული. მინდოდა მქონოდა ინტენსიური დისკუსია. სამწუხაროდ, პასუხების მოსმენა კითხვებზე, ალბათ, მძიმე და ძნელი აღმოჩნდა. მე ყურადღებით დავაკვირდები პატივცემული დეპუტატების გამოსვლებს და შემდეგ შევეცდები, რომ საზოგადოებას პასუხები გავცე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტში მიმდინარე დებატები საპარლამენტო უმცირესობამაც დატოვა. როგორც უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, უმრავლესობის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც მხარი არ დაუჭირა იმ ფორმატს, რომელიც საშუალებას მისცემდა პრეზიდენტი დაბრუნებულიყო დარბაზში, საპარლამენტო უმცირესობასაც მიზანშეუწონლად ეჩვენება დებატებში მონაწილეობის გაგრძელება.

„ჩვენი დღევანდელი დებატი რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური დებატები საპარლამენტო სუბიექტებს შორის, მაგრამ ყველას გვესმის, რომ დღეს არ არის ჩვეულებრივი საპარლამენტო დისკუსია უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში. დღეს შექმნილია არაორდინალური პოლიტიკური სიტუაცია და შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში, უმრავლესობის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც მხარი არ დაუჭირა იმ ფორმატს, რომელიც საშუალებას მოგვცემდა პრეზიდენტი დაბრუნებულიყო და მონაწილეობა მიეღო ამ ფორმატში, საპარლამენტო უმცირესობასაც მიზანშეუწონლად გვეჩვენება დებატებში მონაწილეობის გაგრძელება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

 

მსგავსი თემები