მე დავაარსე დიპლომატიის დღე, რითაც ძალიან ვამაყობ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 2004 წელს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისას, დააარსა დიპლომატიის დღე, რითაც ძალიან ამაყობს. ამით მან აღიარა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის პროფესიონალიზმი.

სალომე ზურაბიშვილი თბილისის საკრებულოში დღეს, დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველ დიპლომატებთან მუშაობა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება მისთვის, პრეზიდენტის რანგში.

“ეს პირველი ნიშანია საქართველოს დიპლომატიური კორპუსის პროფესიონალიზმის აღიარებისა. მნიშვნლოვანია ის, რომ ქვეყანამ, სახელმწიფომ აღიაროს, თუ რამდენად საჭიროა ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა. მინდა ყველა დიპლომატს მივულოცო ეს დღე და ვუთხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მათთან თანამშრომლობა ჩემთვის, როგორც მომავალი პრეზიდენტისთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან თავის გამოსვლაში გაიხსენა საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი და ყველა ის ქართველი დიპლომატები, რომლებიც სამშობლოს სამსახურში იდგნენ.

“ამ წელს ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 100 წელს, რაც ამავდროულად დიპლომატიის 100 წელს ნიშნავს. ჩვენ გვყავდა პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი- აკაკი ჩხენკელი და დღეს უნდა გავიხსენოთ ეს დიდი დიპლომატები, რომლებიც ქვეყნის სამსახურში იყვნენ და შეძლეს ის ყველაფერი, რაც დიპლომატიას შეეძლო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი თემები