სოფელ ჭანიეთში, 70 წლის შემდეგ პირველი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდა 

ოზურგეთის სოფელ ჭანიეთში, სადაც 70 წელზე მეტია, სკოლისთვის ნორმალური შენობა არ არსებობდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აღჭურვილია ახალი ინვენტარით და თანამედროვე ტექნიკით. მოეწყო საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და კომპიუტერების კაბინეტი. სკოლას ფეხბურთის სტანდარტული ზომის სტადიონი, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები აქვს. კეთილმოეწყო სკოლის ეზო, დაიგო ბეტონის მონოლითური საფარი. მოეწყო ლითონის კვადრატული ღობე.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სოფელ ჭანიეთში სკოლის არარსებობის გამო სასწავლო პროცესი სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობდა. ახალი სკოლის მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით 2016 წლის იანვარში დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, ჭანიეთის სკოლის სამშენებლო სამუშაოები კომპანია „კაპიტოლ კონტრაქსშენმა“ შეასრულა და მისი ღირებულება 1 600 000 ლარს შეადგენს.

სკოლის ​საზეიმო გახსნის ღონისძიებას ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინე აბულაძე, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, გუბერნატორის მოადგილეები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი – ლელა იმედაშვილი და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახლგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი, მარინა ჯაფარიძე დაესწრნენ.

„ჩვენ დაგპირდით, რომ თქვენი შვილები თანამედროვე სკოლაში ისწავლიდნენ და დღეს, ოზურგეთში, ჭანიეთში ახალი სკოლა გავხსენით. ჭანიეთს 70 წელზე მეტი არ ჰქონდა სკოლისთვის ნორმალური შენობა, მაგრამ ჰყავდა დიდი ენთუზიაზმით სავსე მასწავლებლები. ამ ეზოში უკვე არის ევროპა!”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები