ხუნდაძე პრეზიდენტს: ხალხის მეხსიერებას თქვენგან, თუნდაც ერთი მასშტაბური, ეროვნული ინიციატივა თუ დარჩება, ხელმოცარული არ მიდიხართ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საანგარიშო გამოსვლას პარლამენტში, ყველაზე სუსტი გამოსვლა უწოდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოღვაწეობის საუკეთესო შემფასებელი არის ხალხი და დროს.

​როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ხუთწლიანი პერიოდიდან ქართველი ხალხის მეხსიერებას, თუნდაც ერთი მასშტაბური, ეროვნული ინიციატივა თუ დარჩება, მაშინ შეუძლია ჩათვალოს, რომ ხელმოცარული არ მიდის თანამდებობიდან.
დიმიტრი ხუნდაძემ გიორგი მარგველაშვილს ოპოზიციონერი პრეზიდენტი უწოდა.

„ყურადღებით ვუსმენდი თქვენს გამოსვლას, თუმცა საყურადღებო ბევრი ვერაფერი მოვისმინე. ეს იყო ყველაზე სუსტი გამოსვლა, რაც კი თქვენი გამოსვლებიდან მომისმენია, რაც რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს. ჩემთვის საყურადღებო მხოლოდ ერთი იყო – დასაწყისი, რითაც დაიწყეთ მოხსენება და რამაც მაიძულა,  უმრავლესობის გუნდიდან პირველად მე გამოვსულიყავი სიტყვით. თქვენ გამოსვლა დაიწყეთ 2012 წლის გახსენებით. აღნიშნეთ, რომ 2012 წლის მოვლენების შემოქმედებიდან პარლამენტში ბევრი არ არის. მე ვარ 2012 წლის შემოქმედთა რიგებიდან ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მაგრამ თქვენ არ ხართ იქ, სადაც უნდა იყოთ. ჩვენ აქ ვართ „ძველებიც“, „ახლებიც“. თქვენ გააკეთეთ ასეთი პირობითი დაყოფა და ამიტომ, დროებით მინდა გამოვიყენო ეს ტერმინი. აქ ვართ „ძველებიც“, „ახლებიც“ და აქ არის „ყველაზე ძველიც“, მაგრამ ყველაზე მთავარია ის ღირებულება, რის გარშემოც შევიკრიბეთ 2012 წელს და რის გარშემოც ერთობა უნდა ვატაროთ ბოლომდე“, – განაცხადა დეპუტატმა.

ხუნდაძემ გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად არჩევის პერიოდიც შეახსენა და განაცხადა, რომ ის პრეზიდენტი “ქართული ოცნების” წყალობით გახდა.

„მახსოვს 2012 წელი, საზოგადოებასთან ერთად მიღწეული, მაგრამ თქვენ გაიხსენეთ მხოლოდ დღეს. ალბათ, ეს თქვენი მომავალი პოლიტიკური გეგმებისთვის დაგჭირდათ. სწორედ „ქართული ოცნების“ ერთობამ გაგხადათ პრეზიდენტი, რომელ ერთობასაც პირველივე თანამდებობრივ გზაგასაყართან აუქციეთ გვერდი და იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყავით იმ გუნდთან ერთად, სადაც ეს ღირებულებები შეიქმნა, თქვენ მიხეილ სააკაშვილის სასახლეში შესვლა არჩიეთ. სამწუხაროა, რომ ხელიდან გაუშვით „ქართული ოცნების“ და საზოგადოებისგან მოცემული შესაძლებლობა და ჩამოყალიბდით როგორც ოპოზიციონერი პრეზიდენტი. ოპონირება ცუდი არ არის და ეს საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ხელოვნურად შექმნილი და მხოლოდ იმისათვის, რომ ამაში პოლიტიკური პირადი სარგებელი ნახოთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

დეპუტატმა პრეზიდენტს ისიც კი უთხრა, რომ თუკი მისი ხუთწლიანი პრეზიდენტობიდან ქართველი ხალხის მეხსიერებაში ერთი მასშტაბური ეროვნული ინიციატივა მაინც დარჩება, ის ხელმოცარული არ წავა პოლიტიკიდან.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, მის მეხსიერებას პრეზიდენტი მარგველაშვილი შემორჩება, როგორც  არასამთავრობო სექტორის მუდმივი დამცველი, ოღონდ მხოლოდ იმ არასამთავრობო სექტორის, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების ოპონირებით და კრიტიკით არის დაკავებული.
დეპუტატმა პრეზიდენტს შეახსენა, რომ ის ყველას პრეზიდენტია და არ აქვს უფლება საზოგადოება „ძველებად“ და „ახლებად“ დაყოს. მას გამაერთიანებელი როლი უნდა ეთამაშა, რაც, ხუნდაძის შეფასებით, ვერ შეძლო.

​დიმიტრი ხუნდაძემ პრეზიდენტს დაუსვა კითხვები ნარკოპოლიტიკაზე, დემოგრაფიასა და კარიერის დაგეგმვაზე:

კითხვა 1: თქვენ ღიად გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკის მიმართ. შეხვდით მხოლოდ ერთ მხარეს, კანონპროექტის ავტორებს და მათ მხარდამჭერებს. ხოლო არ დაინტერესებულხართ მეორე მხარესთან შეხვედრით, რომელიც ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს და რომელთაც კრიტიკული, დასაბუთებული დამოკიდებულება აქვთ. ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ ამასთანავე უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების იმ დიდ ნაწილზე, რომელიც არ არის მომხმარებელი და რომელთა უფლებებსაც ასევე დაცვა სჭირდება.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე  ჭარბი პოზიტიური საუბარი ზრდის ინტერესს ახალგაზრდებში ნარკოტიკების მიმართ? ნარკოტიკების პოპულარიზაციას ხელს უწყობს ზოგიერთი მედია-საშუალებაც, მაგრამ, თქვენ არასოდეს გაგიკეთებიათ მოწოდება არც ერთი სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორისათვის, არც მოქალაქეებისთვის, არც მედიისთვის, რომ ეწარმოებინათ მძლავრი ანტინარკოტიკული პროპაგანდა.

კითხვა 2: დღეს საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პრობლემაა – ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა. მაშინ, როდესაც არა მხოლოდ ქართველი დემოგრაფები, არამედ საერთაშორისო  ორგანიზაციებიც კი მიგვითითებენ, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება, თქვენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ამ საკითხზე რეაგირება არ გქონიათ. არასოდეს გამოგითქვამთ სურვილი შეხვედროდით ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებს და შემოგეთავაზებინათ თქვენი ხედვები.

თვლით თუ არა ამას თქვენი საპრეზიდენტო მოღვაწეობის შეცდომა?

კითხვა 3: დროის უკან დაბრუნების საშუალება რომ იყოს, სხვანაირად ხომ არ დაგეგმავდით თქვენს საპრეზიდენტო კარიერას?

 

მსგავსი თემები