სამხედრო მოსამსახურის ხელფასი წოდების მიხედვით გაიზრდება 

7 526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი, 2019-2020 წლებში, წოდების მიხედვით გაეზრდება. ასევე, თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალსაც. მომავალი წლიდან იგეგმება ხელფასის ზრდა სხვა დანაყოფებისთვისაც, მათ შორის სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2016 წლიდან მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი სოციალური მხარდაჭერის ზრდის თვალსაზრისით.

მისივე თქმით, 2018 წლის ზაფხულიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის 14 000 თანამშრომელს გაეზარდა ხელფასი. ხოლო 2007 წელს, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებებულება 2020 წელს შესრულდება.

„სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ასევე სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფა, რისი განხორციელებაც სწორედ 2013 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. დღემდე 1634 ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოხდა, დარჩენილი 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დაწყებისთვის მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდება ცენტრალური და თავდაცვის უწყებების ბიუჯეტებიდან თანხების მობილიზება. ბინების გადაცემა პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება და 2020 წლისთვის დასრულდება“, – განაცხადა ბახტაძემ.

 

მსგავსი თემები