შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას თანამშრომლობას სთავაზობს, ოპოზიცია კი მატყუარას უწოდებს 

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას თანამშრომლობას სთავაზობს და ხელს უწვდის. ოპოზიცია კი მასთან თანამშრომლობას არ აპირებს და მატყუარას უწოდებს.

„თუ თქვენი გულწრფელი სურვილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ყველას თავმჯდომარე იყოს, გულწრფელი იყავით მაშინაც, როდესაც  გადაწყვეტილებას მიიღებთ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით. თუ გინდათ, ვითანამშრომლოთ. თქვენგან შემხვედრი ნაბიჯი იქნება, რომ ამ თანამდებობაზე ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭიროთ“ – მიმართა შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას.

მან ოპოზიციას ხალხის არჩევანიც შეახსენე და აღნიშნა, რომ ოპოზიციასაც და პოზიციასაც მანდატს სწორედ ხალხი აძლევს.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, სად შეიძლება ითანამშრომლოს ოპოზიციამ და უმრავლესობამ – დემოკრატია თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ხალხი მანდატს აძლევს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას.  როდესაც პოლიტიკურ ძალას უმრავლესობა აქვს, მის საარჩევნო პროგრამას ხალხი აძლევს მანდატს, რომ ის განხორციელდეს. ეს არის ვალდებულება ხალხის წინაშე“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციას, „თქვენ ხართ მატყუარა“ – ასეთია მათი განაჩენი.

„თქვენ ხართ მატყუარა. არასანდო ადამიანს და პოლიტიკურ მატყუარას პარლამენტის თავმჯდომარედ მხარეს ვერ დავუჭერთ. დღეს ვერც ბატონ კუჭავას გადავუხდი მადლობას გაწეული საქმიანობისთვის და ვერც ბატონ პაპუაშვილს ვუსურვებ წარმატებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რატომ. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური აბსურდია, როცა პარლამენტის თავმჯდომარე არამხოლოდ მიდის თანამდებობიდან, არამედ ტოვებს მანდატს. ასეთი რამ საქართველოს პარლამენტის ისტორიაში არ გვახსენდება, მაგრამ ალბათ, არც ის გვახსენდება, რომ ერთი წლის მანძილზე პარლამენტის არჩევიდან მესამედ უწევს პარლამენტს აირჩიოს თავმჯდომარე“ – ასე უპასუხა სალომე სამადაშვილმა შალვა პაპუაშვილის შეთავაზებას.

მსგავსი თემები