„საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში აქვს პოტენციალი, გახდეს ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა“ – დავით ნარმანია

სემეკი-ს თავმჯდომარე დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ სამომავლო პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს  ელექტროენერგეტიკის სექტორში უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რომ  ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს.

სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმაზე და აღნიშნა, რომ საქართველომ მოკლე დროში შეძლო იმ დირექტივების საქართველოს ენერგეტიკულ კანონმდებლობაში გადმოტანა და განხორციელება, რასაც სხვა ქვეყნებში ათეულობით წელი დასჭირდა. დავით ნარმანიამ ისაუბრა ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების განვითარების აუცილებლობაზეც.

„ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის პირობებში მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და იმპორტის შემცირება. 2021 წელს  ჯამში მხოლოდ 7 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესები შევიდა ექსპლუატაციაში, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის კი აუცილებელია ე.წ. მარეგულირებელი ჰესების მშენებლობა. ადგილობრივი წარმოების შემცირება და იმპორტის ზრდა ნიშნავს სხვა ქვეყნებზე  ენერგოდამოკიდებულობის ზრდას გრძელვადიან პესპექტივაში. ქვეყანას ელექტროენერგეტიკის სექტორში აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ გახდეს ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა. აუცილებელია, გაგრძელდეს ყველა ენერგოპროექტის განხორციელება, რომელიც ნაკლებად აზიანებს გარემოს და არ შეიცავს არაგონივრულ რისკებს. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რადგან დღევანდელი ქმედებებით განვსაზღვრავთ ჩვენს ენერგომომავალს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

 

მისივე შეფასებით,  სემეკი მზადაა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩაერთოს საზოგადოების სწორ ინფორმირებაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ.

სემეკის თავმჯდომარემ მედიას 2022 წლის გეგმებიც წარუდგინა. მისი თქმით, 2022 წელს სემეკი გააგრძელებს ნორმატიული ბაზის ევროპულ სტანდარტებთან მიმართებაში განახლებას, ასევე საზოგადოებას შესთავაზებს ახალ ელექტრონულ სერვისებს, მათ შორის, ამოქმედდება საწარმოთა ელექტრონული პორტალი, მიმწოდებლების შეთავაზების პორტალი, შემუშავდება სემეკის ახალი ვებგვერდი. 2022 წლის დასაწყისში დაფუძნდება ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა უფასოდ გაიაროს ტრენინგები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე.

მსგავსი თემები