„წელს მოქალაქეებს კომპანიებისგან უსაფუძვლოდ დარიცხული 3 მილიონ ლარზე მეტი ჩამოვაწერეთ“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ „მედიაცენტრ მთავარში“ 2021 წლის საქმიანობა შეაჯამა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ზედმეტად დარიცხულ კომუნალურ თანხებზე მოსახლეობამ სემეკს უნდა მიმართოს.

„მომხმარებლებში პოპულარობით სარგებლობს *303#-ის მომსახურება. მიმდინარე წლის ბოლოს ამ სერვისს დაემატა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის დარიცხული გადასახადის გადამოწმების ფუნქციაც. მოქალაქეებს შეუძლიათ მარტივად, ერთი ღილაკის საშუალებით გაუგზავნონ კომპანიებს მოთხოვნა დარიცხვის გადამოწმებაზე. მკაცრად ვაკონტროლებთ კომპანიების საქმიანობას, ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებლის უფლება მაქსიმალურად იყოს დაცული. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს სისტემური დარღვევებისთვის დავაჯარიმეთ „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ ( თელმიკო)  და „თელასი“ უმაღლესი ოდენობის ჯარიმით. დარღვევების განმეორების შემთხვევაში, კომპანიებს გაორმაგებული ჯარიმა დაეკისრება.

მიმდინარე წელს მოქალაქეებს  კომპანიებისგან უსაფუძვლოდ დარიცხული 3 მილიონ ლარზე მეტი ჩამოვაწერეთ. ჩვენი დავალებით, კომპანიებმა სხვადასხვა მომსახურების სტანდარტის დარღვევის გამო, მომხმარებლებზე 300 ათას ლარამდე კომპენსაცია გასცეს.  ასეთი ოდენობის თანხების ჩამოწერა და კომპენსაციების გადახდა მიანიშნებს იმაზე, რომ მომხმარებლის უფლებების დარღვევას არცთუ იშვიათად აქვს ადგილი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს საკითხი არის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა, რომლის აღმოსაფხვრელად ვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტსა თუ რეგულაციას“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში.“  

მსგავსი თემები