სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და კონსილიუმის წევრს, გორის ჰოსპიტალში არ უშვებენ

სახალხო დამცველის წარმომადგენელს, საბა ბრაჭულს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლისა და მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმთან გასაუბრების შესაძლებლობას არ აძლევენ. ასევე ჰოსპიტალთან იმყოფება სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის წევრი ექიმი თენგიზ წულაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ,,სახალხო დამცველს პატიმრის მონახულების უფლება დაბრკოლებების გარეშე, ნებისმიერ დროს აქვს.”

“იმედს ვიტოვებ, რომ ეს გაუგებრობაა. ჩვენ გვინდა მორიგე ექიმთან გასაუბრება, ვინც ზედამხედველობს პაციენტის მდგომარეობას ამჟამად. იმედია, გაირკვევა ეს საკითხი.

სახალხო დამცველის რწმუნებულს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად, შეუფერხებლად შევიდეს ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც არის ადამიანი, პატიმარი სახელმწიფოს ეფექტურ კონტროლს ქვეშ. შესაბამისად, მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის უბრალოდ გაუგებრობა და შიგნით კიდევ არკვევენ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორმოცი წუთია ველოდებით, რომ გაარკვევენ.

ამ ეტაპზე დაველოდებით, თუმცა, თუ ეს გაგრძელდა არაგონივრულად დიდ დროს, ერთ საათზე მეტ დროს, ალბათ, შემდეგ აშკარა იქნება, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულს უარს ეუბნებიან იმაზე, რომ მოინახულოს თავისუფლება აღკვეთილი პირი. სახალხო დამცველის დაბრკოლება არის როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ასევე უფრო მძაფრ ფორმამდე თუ მივა, ხდება უკვე სისხლის სამართლის დანაშაული”,- განაცხადა საბა ბრაჭულმა.

შეგახსენებთ, გორის სამხედრო ჰოსპიტალმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლა დღეიდან შეიზღუდა. ჰოსპიტალის ხელმძღვანელობამ დაანონსა, რომ  ვიზიტორების შესვლა იზღუდება 4-დან 6 საათამდე. ჰოსპიტალის მთავარი ექიმის განცხადებით, შეზღუდვა ეხება შაბათ-კვირასაც.

მსგავსი თემები