თბილისში, 90 ერთეულ ელექტრო და 150 ერთეულ გაზზე მომუშავე ავტობუსს შემოიყვანენ 

220 ერთეული ახალი, 8-მეტრიანი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესასყიდად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერი მალე დასრულდება. 2019 წლიდან თბილისში, 150 ერთეული, გაზზე მომუშავე ახალი ავტობუსის და 90 ერთეული ელექტროავტობუსის შემოყვანა იგეგმება. მომდევნო წლების განმავლობაში კი, დამატებით, ახალი ელექტროავტობუსების შემოყვანა ეტაპობრივად დაიწყება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დედაქალაქისთვის  პრიორიტეტულია სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის მთავარი გზავნილია – „მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნაკლები ავტომობილი ქალაქში“.

​ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში ეკოლოგიის, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება კი, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა, არის სხვა პრობლემებიც, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ და ძალიან მალე,ეკოლოგიურ მდგომარეობასრადიკალურად შევცვლით“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე ინფორმაციით, მომავალი წლის თებერვლიდან გერმანული კომპანია MAN -ის მიერ წარმოებული ავტობუსების შემოყვანა დაიწყება. 90 ერთეული ავტობუსი უკვე წარმოებაშია და თებერვლიდან მათი შემოყვანა ეტაპობრივად განხორციელდება.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. 2019 წლის ბოლოსთვის კი გვინდა, რომ ავტობუსების პარკი მთლიანად ჩავანაცვლოთ, რომელიც გაუმართავია და გადაადგილების დროს სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ე.წ ყვითელი ავტობუსების ყველანაირი რესურსი ამოწურულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები