„112“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს და მოსახლეობას მიმართავს

გრიპის ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო „112“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცვლაში ოპერატორებისა და დისპეტჩერების რაოდენობა 40-დან 70-მდე გაიზარდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი “112”, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში იღებს მოქალაქეთა შეტყობინებებს და ოპერატიულად გადასცემს შესაბამის საგანგებო სამსახურებს: თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს. ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გავრცელების შედეგად, გაზრდილი მომართვიანობის გამო, შეტყობინებების უწყვეტ რეჟიმში მიღებისთვის და მათი შესაბამისი სამსახურებისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის მიზნით, “112” მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. გაიზარდა ცენტრის ოპერატორებისა და დისპეტჩერების რაოდენობა და ცვლაში ნაცვლად 40 ადამიანისა 70 ადამიანი მუშაობს, რაც შეტყობინებების დაყოვნების გარეშე მიღებას უზრუნველყოფს“ -აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, “112” ვირუსული ინფექციების შესახებ ინფორმციას ოჯახის ექიმებსაც გადასცემს. ასევე, მოსახელობას თხოვნით მიმართავენ, ყველა პრობლემაზე 112 არ გამოიძახონ.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, “112” მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სხვა შემთხვევებში კი მიმართოთ ამბულატორიულ ცენტრებსა და ოჯახის ექიმებს“, – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი თემები