„112“-ის მომსახურების საფასური 20-დან 50 თეთრამდე განისაზღვრება

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის მომსახურების საფასური 20-დან 50 თეთრამდე განისაზღვრება.

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (76 მომხრე) საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც, ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და ასევე, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები ყოველთვიურად გადაიხდიან „112“-ის მომსახურების საფასურს, რომლის ზუსტი ოდენობაც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

ცვლილებების შესაბამისად, 112-ის მომსახურების საფასური არ შეიძლება იყოს 20 თეთრზე ნაკლები და 50 თეთრზე მეტი. ამავდროულად, ცვლილებების შემდეგ, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის 112-ის მომსახურების საფასურის ოდენობა ერთნაირი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი დადგენილებით, 112-ის მომსახურების საფასური ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრია, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 50 თეთრი.

კანონპროექტის მიხედვით, საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

მსგავსი თემები