„ის არის პუტინის პატიმარი, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ“ – გიორგი მარგველაშვილი

ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს რუსეთის პატიმარს უწოდებს და ყველას ურჩევს, ამ რეალობას თვალი გაუსწოროს.

გიორგი მარგველაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს ხვდებოდა. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაერთიანება უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

„შეხვედრის ძირითადი ნაწილი ჩვენ ვსაუბრობდით იმ უსაფრთხოების გარემოებებზე, რომელიც საქართველოს წინაშე არის ამ დღეებში.  დეტალურად გავუზიარეთ ერთმანეთს და მიმოვიხილეთ საქართველოს ირგვლივ შექმნილი ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომლის მთავარი აქტორიც არის რუსეთი. ჩვენი ვალია, გავიზიაროთ ეს შეშფოთება და ქალბატონ სალომესთან ერთად  და ვიღვაწოთ იმ მიმართულებით, რომ რაღაც მომენტში, ყველას გვქონდეს საფუძველი და ფუნდამენტი – გაერთიანება ერთი გამოწვევის წინააღმდეგ“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ პუტინის ინტერესია მიხეილ სააკაშვილი იყოს გამოკეტილი.

„ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში ჩემთვის ხაზგასმით არის პუტინის პატიმარი და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ის არის საქართველოში პუტინთან დაპირისპირებაში ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, პოლიტიკოსი არა მარტო საქართველოს კონტექსტში, არამედ სხვა თვალსაზრისითაც. რამდენიც არ უნდა გვქონდეს ერთმანეთთან უთანხმოებები, წარსულში ან მომავალში, პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი. ეს არის ჩემი პირადი შეფასება ამ ვითარების, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვისაუბრეთ“, – განაცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები