რისთვის სჭირდებათ პრეზიდენტის სავარძელი “ოცნებას” და ნაციონალებს – ვახტანგ ხმალაძის მოსაზრება

​კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის შეფასებით,  ახალი საკონსტიტუციო უფლებამოსილების პირობებში, პრეზიდენტის თანამდებობა მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” და ყოფილ სახელისუფლებო პარტია “ნაციონალურ მოძრაობას”, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კარგი სასტარტო პირობების შესაქმნელად სჭირდებათ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ცხადყოფს იმას, თუ ვის მხარეს არის საქართველოს აქტიური ამომრჩევლის უმრავლესობის დიდი ნაწილი. “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მმართველი პარტიას ხალხისგან მიიღებს მესიჯს, რომ მას ჯერ კიდევ ენდობა მოსახლეობა, შესაბამისად მათი პოზიცია იქნება უფრო ძლიერი და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მათ ექნებათ შანსი და პოტენციალი, რომ 2020 წლის არჩევნებამდე უფრო კარგი სასტარტო მდგომარეობით მივიდნენ.

“მეორე ტურის შედეგი აჩვენებს, თუ ვის მხარეს დგას საქართველოს აქტიური ამომრჩევლის დიდი ნაწილი.  არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა თუ მოიგო, ეს მისცემს საშუალებას “ქართულ ოცნებას” თქვას, რომ ჯერ არ დაუკარგავს ხალხის ნდობა, ამიტომ მათი პოზიცია იქნება უფრო ძლიერი და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მათ ექნებათ შანსი და პოტენციალი, რომ მივიდნენ უფრო კარგი სასტარტო მდგომარეობით. თუ მოგებს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, მაშინ ბუნებრივია ისინი იტყვიან, რომ “ქართულ ოცნებას” დაკარგული აქვს ნდობა, საზოგადოება მას მხარს არ უჭერს და მე ვარ ის ძალა, რომელიც ამ საპარლამენტო არჩევნებში შეცვლის “ქართულ ოცნებას”. გაგრძელდება პოლარიზებული ურთიერთობები, დაპირისპირება ამ ორ დიდ ძალას შორის, ვარაუდი და მოლოდინი, რომ ამ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს”,- აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

კითხვაზე, გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში გარდაუვალია თუ არა პატიმრობაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მაღალჩინოსნების შეწყალება, ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ ახალ პრეზიდენტს ამის უფლება აქვს და ვაშაძე ამას, დიდი ალბათობით გააკეთებს. თუმცა მეორე საკითხია, რა მოჰყვება სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიების შეწყალებას.

“როგორც შემდგომ მოვისმინეთ სააკაშვილისა და ახალაიას მხრიდან, ისინი ამბობენ, რომ არაფერი აქვთ შესაწყალებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არ ცნობენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ ემორჩილება მას. მაგრამ ​ეს განცხადებები არ გამორიცხავს იმას, რომ ისინი იყვნენ შეწყალებულნი. რა შეიძლება მოჰყვეს ამ შეწყალებას, ეს ცალკე თემაა. ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ არ შეხებია “ნაციონალური მოძრაობის” ხელი, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ეს ადამიანები არიან დამნაშავეები და ბოლომდე უნდა მოიხადონ სასჯელი, შეიძლება მათი მხრიდან დაიწყოს საპროტესტო მოქმედებები და ეს გადაიზარდოს გარკვეული ტიპის დაპირისპირებებში”, – მიაჩნია ვახტანგ ხმალაძე.

მისივე თქმით, შეწყალება იმ პირების, რომლებსაც მისჯილი აქვთ პატიმრობა და საზოგადოებამ იცის, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ დამნაშავეები, გააძლიერებს “ნაციონალური მოძრაობის” გავლენას და ბუნებრივია შეასუსტებს “ქართული ოცნების” ძალას.

მსგავსი თემები