“ქართული ოცნების” ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება – გურამ მაჭარაშვილი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ლაგოდეხის და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი  გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობის კანდიდატების შერჩევით, პარტიის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. წარმოდგენილი შემადგენლობა ოპტიმალური ვარიანტია, რომელმაც ყველა გამოწვევას უნდა უპასუხოს, რომელიც “ქართული ოცნების” წინაშე დგას და რომელსაც საზოგადოებამ ხელისუფლება ჩააბარა.

როგორც „მთავარს“ გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, მიმდინარე პროცესებში მნიშვნელოვანი როლი პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს ექნება, რომელმაც რაიონული ორგანიზაციებიც უნდა გააძლიეროს.

„დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის საშუალებით  გააძლიერებს და ეფექტიან ფუნქციებს შესძენს, როგორც პარტიის სტრუქტურულ ერთეულებს, ისე რაიონულ ორგანიზაციებს. ეს ყველაფერი კი აუცილებელი და საჭიროა არსებული გამოწვევების ეფექტიანად გადასაჭრელად. აუცილებელია, პასუხისმგებლობასთან ერთად, მმართველ პარტიას ჰქონდეს მაკოორდინირებელი როლი ყველა იმ წამყვან პოზიციაზე მყოფ თანამდებობის პირებს შორის, რომლებიც ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს ქმნიან”, – აცხადებს დეპუტატი.

​მისივე თქმით, საზოგადოებამ ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, რომელმაც თავის მხრივ საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება დააკომპლექტა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ნებისმიერ საკითხზე საზოგადოება პასუხს „ქართულ ოცნებისგან“ ითხოვს.

დეპუტატი „ქართული ოცნების“ შექმნის პრინციპებსაც იხსენებს და ამბობს, რომ პარტია თავის დროზე სწორედ გუნდურობის პრინციპით შეიქმნა და ეს პრინციპი, “ერთი – ყველასათვის, ყველა -ერთისათვის”, დღესაც ძალაშია.

მსგავსი თემები