“როცა ტყვიებს ჭედავთ და აწერთ სახელებს, ხიდის აღდგენაზე საუბარი ზედმეტია” – გედევან ფოფხაძე  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიერ შეწყალების უფლების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების დაანონსებას საშიში პროცესების საწყისად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ასეთი განცხადებები საზოგადოებაში შიშის დათესვას უწყობს ხელს და ყოველგვარი ხიდის აღდგენაზე საუბარი ზედმეტია.

როგორც გედევან ფოფხაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, გრიგოლ ვაშაძის სურვილი, შეწყალების უფლება აქციოს პოლიტიკურ იარაღად, ყველა თავის მომხრეს უქმნის უსაფრთხოების გარანტიას და ყველა საზოგადოებრივი ინსტიტუტების დეგრადაციას ახდენს.

“იმ ფონზე, როცა ოპოზიცია ყველას მოღალატეებს უწოდებს, ამ ფონზე ძალიან საშიშია პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან ასეთი განცხადებები. 9 აპრილის შემდეგ ყველას გვეგონა, ისე გვიყვარდა ერთმანეთი, რომ ქართველი ქართველს ტყვიას არ ესროდა, მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით რომ სამოქალაქო ომს მივიღებდით. ადამიანები სიტყვით სწირავენ ერთმანეთს. ომი უკვე მიმდინარეობს ჩვენ შორის, თუ ტყვიას არ ვისვრით, სიტყვით ვწირავთ ერთმანეთს. ღალატში ადანაშაულებ ადამიანს, უხამსობას აკადრებ, მერე ხიდის აღდგენაზე საუბარი უაზრობაა. როცა ტყვიებს ჭედავ და “ბიძინას”, “გედის”, “ეკას” თუ სხვა აწერ, ყველაფერი დამთავრებულია, იქ იწყებთ უკვე სამოქალაქო ომსაც და დაპირისპირებას. სწირავ უკვე ადამიანებს, ეს ისე არ ჩაივლის. ძალიან მძაფრი დაპირისპირების საფრთხე არსებობს”, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

მსგავსი თემები