“იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება” – ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამსახური – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელმაც არაერთ მნიშვნელოვან ფაქტზე გამოძიება ჩაატარა და საკუთარი, მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა, უქმდება. „წინასაახალწლო სიურპრიზი“ ასე აფასებს სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია სახელმწიფოს ამ ნაბიჯს და იმედს იტოვებს, გადაწყვეტილება შეიცვლება.

„დღეს, ,,წინასაახალწლო სიურპრიზად”, მე და ჩემმა თანამშრომლებმა,  გავიგეთ, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩქარებული წესით, დაინიცირდა კანონპროექტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ,,გაუქმების” შესახებ.

ეს მაშინ, როცა 2021 წლის 9 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტთან ვცდილობ კომუნიკაციას სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე (ამ კოორდინაციის პროცესში, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი სიტყვა თქმულა ზემოაღნიშნულ ინიციატივაზე). შესაბამისი კანონპროექტი გუშინ (24 დეკემბერს) გავაგზავნეთ საქართველოს პარლამენტში.

რა თქმა უნდა კითხვის ნიშნებს ბადებს, დასვენების დღეებში, კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე.

იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება!

მაშინ, როცა გავეცნობი კანონპროექტს და მექნება მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გავაკეთებ უფრო დეტალურ კომენტარს. მანამდე კი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებო, ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება კანონით ნაკარნახევი!“ – აცხადებს ლონდა თოლორაია.

 

მსგავსი თემები