11-მილიონიანი ქალაქის დაცარიელებული ქუჩები – უხანი კარანტინისას (ფოტო, ვიდეო)

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჩინეთის ქალაქ უხანის მოსახლეობა უკვე მეორე კვირაა სრულ იზოლაციაშია. ABC News-ი აქვეყნებს დრონით გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც ნახავთ, როგორ გამოიყურება ცარიელი ქალაქი.

23 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად უხანში კარანტინი გამოაცხადა; შეჩერდა ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მატარებლების მოძრაობა, აიკრძალა ავიამიმოსვლაც. 27 იანვარს კი ქალაქის ხელისუფლებამ უხანის საქმიან ნაწილში კერძო ავტომობილების გადაადგილებაც აკრძალა. მოძრაობის უფლება მხოლოდ სპეციალური ნებართვის მქონე მანქანებს აქვს, რომლებსაც საკვები გადააქვთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უხანის მცხოვრებლები ძირითადად სახლებში რჩებიან და გარეთ იშვიათად გადიან, ისიც საკვებისა და ნიღბების შესაძენად. სუპერმარკეტების თანამშრომლები მთლიანად დამცავ კოსტიუმებში არიან გამოწყობილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, „ახალი კორონავირუსის“ დადასტურებული შემთხვევები, გლობალურად 20 630 შემთხვევაა. მათ შორის, 3241 ახალი შემთხვევა, რომელიც ბოლო 24 საათში გამოვლინდა.

რაც შეეხება ჩინეთს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დადასტურებულია 20 471 შემთხვევა, აქედან ახალია – 3235 შემთხვევა; მწვავეა 2788 ადამიანის მდგომარეობა, მათ შორისაა 492 ახალი შემთხვევა და გარდაცვლილია 425 ადამიანი, მათ შორის 64 ადამიანი ბოლო 24 საათში გარდაიცვალა.

ეს არის უდიდესი კარანტინი კაცობრიობის ისტორიაში.

მსგავსი თემები