თბილისში, ვანდალური ფაქტების აღსაკვეთი კამპანია იწყება

მოქალაქეებში სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდისა და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განსავითარებლად, თბილისის მერია სოციალურ კამპანიას -„გაუფრთხილდი ქალაქს“ იწყებს. კამპანიაში ჩართვის საშუალება ყველა მოქალაქეს ექნება იმისთვის, რომ მაქსიმალურად იზრუნონ ქალაქის მოვლა-პატრონობაზე, სისუფთავეზე, გაუფრთხილდეს არსებულ ინფრასტრუქტურას, მწვანე საფარს.

​როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ხშირია განახლებული სკვერების, მოწესრიგებული ქუჩების მიზანმიმართული დაზიანების შემთხვევები. ბევრი ასეთი ვანდალური ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები არსებობს და მათ აუცილებლად მიაწვდიან მოსახლეობას, იმის საჩვენებლად, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს მოქალაქე.

“ვიწყებთ სოციალურ კამპანიას -„გაუფრთხილდი ქალაქს,“ რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებას. ​​კამპანიის ფარგლებში არაერთი პროექტი განხორციელდება და მათში მოქალაქეების ჩართულობა მნიშვნელოვანია”, – აცხადებს კახა კალაძე.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ პროექტში ბევრი ადამიანი ჩაერთვება და მას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება.

“რასაც ვაკეთებთ, ეს ყველა ჩვენგანის, ჩვენი ქალაქის საკუთრებაა. როდესაც თანხები იხარჯება, ეს ბიუჯეტის თანხაა, რომელსაც ჩვენ ვუწევთ მენეჯმენტს, რათა სწორად განიკარგოს, სწორად დაიხარჯოს და კარგი პროექტები განხორციელდეს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ კამპანიაში ბევრი ადამიანი ჩაერთვება. თითოეული თქვენგანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები