“შემოგვხედეთ ჩვენ და გაიხსენეთ ჩვენი ტრაგედიები” – შვილმოკლული მშობლები არჩევნების II ტურზე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს შვილმოკლული ოჯახები მოსახლეობას გაერთიანებისა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მისვლისკენ მოუწოდებენ, რათა არ დაუშვან “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის გამარჯვება.

​როგორც მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო ბრძოლა უნდა დასრულდეს ხალხის დიდი გამარჯვებით და “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაინახოს, რომ ამომრჩევლების პროგრესული ნაწილი მათ მხარს არ უჭერს.
მისი შეფასებით, 28 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლებაზე სამართლიანად გაბრაზებული და სწორად მოაზროვნე მოსახლეობის 60 % არ მივიდა.

“სააკაშვილის რეჟიმის მიერ სასტიკად განადგურებული ოჯახები მოგმართავთ. 2012 წელს, გამარჯვება  სისხლით და ბრძოლით მოვიტანეთ, დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ ბრუნდებიან ჯალათები.
​თქვენ არ მოხვედით არჩევნებზე იმიტომ, რომ ხართ სამართლიანად განაწყენებულები. ჩვენი მოსახლეობის  სწორად მოაზროვნე ნაწილის 60 % არ მოვიდა არჩევნებზე. შემოგვხედეთ ჩვენ და გაიხსენეთ ჩვენი ტრაგედიები. იური ვაზაგაშვილი ბრძოლაში მოკლეს სასტიკად, შვილის საფლავზე დააკლეს. ირინა ენუქიძის ოჯახი, რას ვეუბნებით მათ, ვისი სამართალიც ჯერ არ დამდგარა. 6 წელია სასამართლოებში დავდივარ და ჩემი შვილის უკანასკნელ წუთებს მასმენინებენ, როგორ ებრძოდა სიკვდილს. მეც გაბრაზებული ვარ, მაგრამ დღეს ეს გაბრაზება გვერდზე გადავდოთ”, – მიმართავს ია მეტრეველი საზოგადოებას.

​​მისივე თქმით, ქვეყანა დგას სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე.

“ქართველი ხალხი არ დაუშვებს სისხლიანი რეჟიმის მობრუნებას, ისინი გაათმაგებული ძალებით დაიწყებენ რეპრესიებს”, – აცხადებს ია მეტრეველი.

მსგავსი თემები