კახა კალაძე არჩევნებში “ქართული ოცნების” წარუმატებლობას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით ხსნის

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს და სხვა ფაქტორებთან ერთად, მათი მხარდამჭერების პასიურობის მიზეზად იმასაც ასახელებს, რომ ამ არჩევნებში ხელისუფლებამ არ წარადგინა საკუთარი, პარტიული კანდიდატი და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირა.

​მისივე შეფასებით, ამან შეასუსტა “ქართული ოცნების” ამომრჩევლების მობილიზაცია.

“არჩევნების შედეგში ჩვენი ამომრჩევლის ნაკლები მობილიზაციის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც განვიხილავთ, რომ პარტიამ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციის პროცესი. ვართ თვითკრიტიკულები, ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველა სუბიექტური ფაქტორის აღმოფხვრაზე, თუმცა პრობლემებს აქვს ობიექტური მიზეზებიც – მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ბოლო რესურსებით ამუშავებულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ და სრულად ნეგატიურმა კამპანიამ თავისი შედეგი გამოიღო. ჩვენ საპასუხო რეჟიმში ვეკონტაქტეთ ჩვენს ოპონენტებს, რა დროსაც, საზოგადოების რეალური პრობლემები გვერდით დარჩა. სწორედ ის პრობლემები, რომელთანაც მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ გამკლავებას”, – განაცხადა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, როცა მისივე თქმით, ნათლად გამოიკვეთა ორი პოლუსი, როცა არჩევანი გასაკეთებელია სიცრუესა და სიმართლეს, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, ამომრჩევლების მაქსიმალური მობილიზება იქნება.

“ჩვენ ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში და რაც მთავარია, ერთად აუცილებლად დავძლევთ ყველა გამოწვევას”, – აცხადებს კახა კალაძე.

28 ოქტომბერს საქართველოში რიგით VI პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა, სადაც მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი არ წარადგინა და მხარი დაუჭირა არაპარტიულ, დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, თუმცა თავად პარტიის ლიდერი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიდა, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ზეპარტიული უნდა იყოს.

ამომრჩეველთა ხმების ძირითადი რაოდენობა სალომე ზურაბიშვილმა და ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერილმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დააგროვეს. გრიგოლ ვაშაძე არჩევნებში “გაერთიანებული ოპოზიციის” საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა. ბოლო შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,63% (615 403 ხმა), ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74% (601 175 ხმა) მიიღო.

არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დღეს კომენტარს აკეთებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. კერძოდ, როგორც ნუკრი ქანთარიამ და ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” იმიტომ დამარცხდა, რომ მან პირველივე წუთებიდან “ომახიანად” არ დაუჭირა მხარი სალომე ზურაბიშვილს და ეს მხარდაჭერა “ცალყბა” იყო.

“დამარცხებაა, როდესაც არჩევნებში ხმების იმავე რაოდენობას იღებ, რასაც “ნაციონალური მოძრაობა”. ამ დამარცხებაში სალომე ზურაბიშვილს არანაირი წვლილი არ მიუძღვის, ეს არის “ქართული ოცნების” ბრალი. ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი ისე, როგორ უნდა დაგვეჭირა”, – მიაჩნია ბექა ნაცვლიშვილს.

​საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია კი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში ქუდზე კაცის მობილიზებაა საჭირო და მმართველმა გუნდმა ყველა ის ამომრჩეველი უნდა დაიყენოს გვერდით, რომლებიც იმედგაცრუების გამო გუშინ, არჩევნებზე არ მივიდნენ.

არჩევნების მეორე ტურის ბოლო ვადა 2 დეკემბერია.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები