გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საპატიო სიგელი მიიღო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო_ საპატიო სიგელი გადაეცა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ კობა კობალაძეს დევნილ ვეტერანებზე ყოველდღიური ზრუნვის, საიმედო თანამშრომლობისა და განსაკუთრებული ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„1992-1993 წლებში, აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს გამოჩენილი სიმამაცისა და თავდადებისთვის, აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებზე სისტემატიური ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის, აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეროვნული პოზიციებისათვის დღეს ამ საპატიო სიგელს გადავცემთ სამშობლოს ერთგულ შვილს, ღირსეულ გენერალს, კობა კობალაძეს’’, – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ.

’’განსაკუთრებით მინდა, ეს ჯილდო მივულოცო კობა კობალაძეს; დღეს არ მინდა ვისაუბრო ამ უდიდესი პიროვნების, საზოგადო მოღვაწის სამხედრო რეგალიებზე; ეს არის კაცი, რომელსაც ძალიან უყვარს აფხაზეთი და აფხაზეთის ქართველობა; ყველა იმ ძალისხმევისთვის, რასაც ჩვენი ხალხისთვის აკეთებს, ყველა გადარჩენილი სიცოცხლისთვის, ის, ჩვენგან, იმსახურებს მადლობას და დაფასებას. წარმატებები მას და მთელს ვეტერანთა სამსახურს’’, – განაცხადა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა, რუდიკ ცატავამ.

დღეს, საპატიო სიგელებით, ღვაწლმოსილ მედიკოსებთან და აფხაზეთის საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, ასევე, დაჯილდოვდნენ აფხაზეთის ომის ვეტერანები_ 23-ე ბრიგადის მერვე ბატალიონის ასეულის მეთაური, ჯემალ სვანიძე და 23-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის ოცეულის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი თეიმურაზ დარჯანია.

 

მსგავსი თემები