„ეს პროცესი ერთ-ორ დღეში ვერ დასრულდება“ – ამერიკის ელჩი სალომე ზურაბიშვილზე

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ ე.წ. შერიგების კამპანიას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დაპირისპირების შემცირების ნებისმიერი ნაბიჯი მისასალმებელია.

როგორც კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა, დაწყებული პრობლემა მარტივი მოსაგვარებელი არ არის და ერთ-ორ დღეში ვერ დასრულდება.

„პრეზიდენტის ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიტიკულ დროს, რაც გულისხმობს საზოგადოების გამთლიანებას და არსებული  დაპირისპირების შემცირებას. მისასალმებელია ეს ინიციატივა და მხარს ვუჭერთ. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისა და სიმშვიდისთვის. ვიცით, რომ ამ პროცესში ჩართული არიან როგორც პოლიტიკური პარტიები,  ისე  დაინტერესებული მხარეები, სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეკლესია. ყველას აქვს საკუთარი ხმა ამ პროცესში, რაც გულისხმობს საზოგადოებაში დაპირისპირების დასრულებას და გამთლიანებას.  პროცესი სწრაფად, ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება და ამისთვის პრეზიდენტიც კარგად არის მომზადებული“ – განაცხადა ელჩმა მედიასთან.

 

მსგავსი თემები