“ჯერ არ არის იმის დრო, რომ ასეთი თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ” – გაბუნია კლუბების გახსნაზე

“ჯერ არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ასეთი თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ”, – უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კითხვას თუ როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას კლუბები.

როგორც გაბუნნია აცხადებს,  კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” გავრცელების გამო, რეგულაციები “ყველგან მკაცრდება”.

“როდესაც ჩვენ ველოდებით “ომიკრონის” მოსალოდნელ ტალღას და ვადევნებთ თვალს, ყველგან როგორ მკაცრდება ყოველდღიურად მოთხოვნები რეგულაციებთან დაკავშირებით, ძალიან რთული განსამარტია, თუ რატომ შეიძლება, დავუშვათ კიდევ ახალი გახსნები, მაგალითად კლუბებთან მიმართებით. ჯერ არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ასეთი თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ, მით უმეტეს “ომიკრონის” რისკი არის ძალიან რეალური და ამდენად, ცოტა დრო გვჭირდება. ყველას ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმში როგორც გართობის, ისე სოციალური აქტივობის და სხვა მიმართულებებით”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ღამის კლუბების დაანონსებული გახსნის მიუხედავად საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით გუშინ შეცვალა.

მსგავსი თემები