საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ინფორმაციით, 28 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს. გუშინ ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, ამის შემდგომ, არჩევნები 2 კვირის ვადაში უნდა დაინიშნოს.

„წინასწარი შედეგების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით გვაქვს მეორე ტური. მეორე ტურის გამართვას აქვს თავისი პროცედურები. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო დავების განხილვა მაქსიმალური ვადით გაგრძელდა, ეს არის არჩევნების ჩატარებიდან 20 დღე. შედეგები 20 დღეში უნდა გამოქვეყნდეს. საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან, ანუ 20 დღის შემდგომ 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, რაც გახლავთ ამავდროულად კვირა დღე და უკიდურესი ვადა შესაძლებელია იყოს 2 დეკემბერი“, – განაცხადა ჟვანიამ.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,63%-მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ  – 37,74% .

ამ დროისთვის დათვლილია  უბნების თითქმის 100 %. 28 ოქტომბრის 20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74 პროცენტია.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 3 518 877-ს, რომელშიც ასევე შედიოდნენ საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ რეგისტრირებული მოქალაქე.

მსგავსი თემები