ივანიშვილის განცხადებით, ეკა გიგაური „მოუკრეფავში გადავიდა“ და ის სექტორიდან უნდა გავიდეს

სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარე ეკა გიგაური სამოქალაქო სექტორიდან უნდა გავიდეს, რადგანაც ის სამოქალაქო საზოგადოებას ცუდ სამსახურს უწევს.

„მინიშნებებით მას ვაჩვენე, რომ კარგი იქნება, გავიდეს ამ სექტორიდან, რამეთუ ძალიან ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო საზოგადოებას. ბევრჯერ მიპასუხია მისთვის, მაგრამ დღეს უფრო კარდინალური ვიქნები. მისი გამოსვლებით, ის ცდილობს, ქვეყანა შიგნით და გარეთ დააზიანოს. ახლა საერთოდ მოუკრეფავში გადავიდა, თურმე ამერიკის ელჩს აღარ ნიშნავს ივანიშვილი-ო. შედით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე და იქ ჩანს, რამდენი ელჩი დანიშნეს და სად არის ვაკანსია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

​მან 2007 წლის 7 ნოემბერი და ეკა გიგაური კიდევ ერთხელ დააკავშირა ერთმანეთს და აქციის დაშლაში გიგაურის როლზეც ისაუბრა: „გიგაურმა აქციის დარბევიდან ერთი კვირის შემდეგ, ხელი მოაწერა 190-მდე სპეცრაზმელისთვის პრემიების გამოწერას. თავად კი, 2007 წლის 21 ნოემბერს, ვადაზე ადრე, კაპიტნის წოდება მიიღო. თუ ის აღიარებს, რომ ეს ასე იყო, მან უნდა დატოვოს ეს სექტორი და საშუალება მისცეს, ასეთმა ადამიანებმა არ დაუკარგოს ხიბლი სამოქალაქო საზოგადოებას”.

მსგავსი თემები