რომის მეტროში რუსი ფანატები ესკალატორის კიბიდან ჩაცვივდნენ და დაშავდნენ  

იტალიის დედაქალაქ რომში, მეტროსადგურ “რესპუბლიკაში” მომხდარი ავარიის გამო, რუსეთის საფეხბურთო ნაკრების 30 გულშემატკივარი დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გულშემატკივრების ქცევა გახდა. კერძოდ, მგზავრებით დატვირთულ ესკალატორის კიბეზე გულშემატკივრებმა ხტუნვა დაიწყეს, რის გამო სისტემა დაზიანდა, ესკალატორი უეცრად სწრაფად ამუშავდა, მგზავრები ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდნენ ძირს.

ინციდენტი გუშინ, იტალიის დროით 19:00 საათზე მოხდა. რუსი გულშემატკივრები რომის ოლიმპიურ სტადიონზე, ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად მიდიოდნენ.

როგორც bbc.com იტყობინება, რუსეთის 16 მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. რამდენიმე მათგანს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. დაზარალებულთა მდგომარეობა სტაბილურია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაზარალებულთა შორის უკრაინის მოქალაქეებიც არიან.

მომხდართან დაკავშირებით რომის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მეტროსადგურმა დროებით შეწყვიტა მგზავრების მომსახურება.

მსგავსი თემები