თბილისში ტაქსის პარკირებისთვის 270 ადგილი მოინიშნა  

თბილისში, ტაქსების პარკირების ადგილებისთვის საგზაო მონიშვნები, რამდენიმე მისამართზე უკვე განთავსდა. ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 სადგომზე გათვლილი 86 ადგილია შერჩეული, დაახლოებით 270 ადგილი უკვე დახაზულია.

პარკირების ადგილებზე განთავსდება საგზაო ნიშნებიც ქართული და ლათინური წარწერებით.
​ტაქსის პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილას სხვა ავტომობილის გაჩერება იკრძალება და არასწორი პარკირებისთვის პირი 10 ლარით დაჯარიმდება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ტაქსებისთვის საპარკინგე ადგილები ძირითადად იმ უბნებში გამოიყო, სადაც ავტომობილის გაჩერება რთულია. პრიორიტეტულად განისაზღვრა ადგილები: ტაქსების დგომის წერტილებში; ​საავადმყოფოებთან​მეტროსადგურებთან და ავტობუსების გაჩერების სიახლოვეს; სავაჭრო ცენტრებთან და სასტუმროებთან.

​ყვითელ ფერში შესრულებული მონიშვნები გაკეთდა რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“; ქავთარაძის ქუჩის N44-თან; ვაჟა ფშაველას გამზირის N41 და N71-თან; ყაზბეგის გამზირის N12-თან; იონა ვაკელის ქუჩაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ; წინანდლის ქუჩაზე, პირველი კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარედ; პაიჭაძისა და მიქელაძის ქუჩების გადაკვეთაზე და ლუბლიანას ქუჩის N21ა-სთან. მათი განლაგების სქემის ხილვა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე http://maps.tbilisi.gov.ge.

მათივე ინფორმაციით, ტაქსებისთვის ეს სისტემა თბილისის მთავრობის მიერ პარკირების სფეროს რეფორმისა და გარკვეულ უბნებში ზონალური პარკირების შემოღების შემდგომაც შენარჩუნდება.

“ტაქსებისთვის საპარკინგე ადგილების შერჩევისა და დამატების საკითხზე მუშაობა გრძელდება. ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მზად არის, ამ სფეროში ჩართული პირებისა და მგზავრების მოსაზრებები გაითვალისწინოს”, – აცხადებენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

მოქალაქეებს მოცემულ საკითხზე იდეები შეუძლიათ დააფიქსირონ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/TransportServiceofTbilisiCityHall/

მსგავსი თემები