თბილისში არიზონას კვიპაროსებს, იტალიურ ფიჭვს, იაპონურ სოფორას, ევროპულ მუხებს რგავენ   

  •  

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისში, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (წითელი ბაღი) გამწვანების აქცია დაიწყო. პარკში დღის ბოლომდე 150 ძირი, სამი სახეობის დიდტანოვანი ხე – 80 არიზონას კვიპაროსი, 35 ჭადარფოთოლა ნეკერჩხალი და 35 ევროპული მუნა დაირგვება.

წლის ბოლომდე პარკში დარგავენ 15 სახეობის 462 ნერგს და 6 სახეობის 2300 ძირ ბუჩქს – ევროპული მუხა, ჩვეულებრივი იფანი; ამერიკული ნეკერჩხალი; მინდვრის ნეკერჩხალი; იტალიური ფიჭვი; უნგრული ცაცხვი; ამბრის ხე; არიზონის კვიპაროსი; არღავანი; გრძელფოთოლა იფანი; კატალპა; მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი (ლეკა); იაპონური სოფორა; ოქროსფერი ნეკერჩხალი; ლეილანდის კუპრესოციპარისი; ფოტინია; უცვეთელა; იასამანი; სურნელოვანი ოსმანთუსი; მარადმწვანე ძახველი; ტუია.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, წლის ბოლომდე გოძიაშვილის სახელობის პარკში, რომლის ფართობიც 35 484 კვადრატული მეტრია, განთავსდება 2 საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, დეკის ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი, ასევე, დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად.

​პარკის გარშემო, მოეწყობა დაახლოებით 700 მეტრის სიგრძის ველო ბილიკი და ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცე. სრულად შეიცვლება პარკში არსებული მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა და დამატებით განთავსდება სეპარირების ურნები, სარწყავი სისტემა და განათება.

გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, „ეკოსერვისის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ნოზაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოსა და პარლამენტში დავით უთმელიძე და ნინო გოგუაძე.

მსგავსი თემები