მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის შესაძლო უკანონო კვეთის გამო უკრაინაში რამდენიმე მესაზღვრეს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა

უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის შესაძლო უკანონო გადაკვეთის საქმეზე ჩატარებული შემოწმების შედეგად უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობამ უწყების რამდენიმე თანამდებობის პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა. ამის შესახებ უკრაინულ საიტ „ევროპეისკაია პრავდას“ განუცხადა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის პრესმდივანმა ანდრეი დემჩენკომ, რომლის თანახმად, სააკაშვილის მიერ საზღვრის შესაძლო უკანონო გადაკვეთის ფაქტზე სამსახურებრივი გამოძიება უწყებამ სექტემბრის ბოლოს დაიწყო.

„გამოძიების დროს თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლდნენ სასაზღვრო ქვედანაყოფის, სასაზღვრო რაზმისა და სამხრეთრეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი შემადგენლობის წარმომადგენელი თანამდებობის პირები. არ შემიძლია გავამხილო გამოძიების ყველა დეტალი, ვინაიდან მასალა შეიცავს გასავრცელებლად შეზღუდულ ცნობებს, მაგრამ აღვნიშნავ, რომ მასალები წინასასამართლო გამოძიებისათვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს, რომლებმაც აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. დავამატებ, რომ გამოძიების შედეგების საფუძველზე ზემოხსენებული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანოთა რიგ თანამდებობის პირებს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ“, – განაცხადა ანდრეი დემჩენკომ.

მსგავსი თემები