სენაკი “ეგრისობა – 2018”-ს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ, ქალაქ სენაკის მუნიციპალიტეტში დღეს, სახალხო დღესასწაული, ეგრისობა იმართება. სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა, დღეს, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საზეიმო მსვლელობით დაიწყო. მსვლელობაში  ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები მონაწილეობდნენ. 

როგორც სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა განაცხადა, 26 წლიანი ინტერვალის შემდეგ, ეს ულამაზესი დღესასწაული უკვე მეხუთედ აღინიშნება სენაკში და ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე, ჩვენი კუთხის ტრადიციების თანამედროვეობასთან შერწყმის მრავალფეროვანი წარმოჩენით მასპინძლობს დღესასწაულის სტუმრებს.

მისივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა საინტერესო აქტივობები, როგორიცაა შეჯიბრება არამატერიალუტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესულ სახეობებში -ისინდი, ცხენბურთი და მარულა, ასევე მოკლე ტური ნოქალაქევის მუზეუმში, ქართული, ესტინური და უკრაინული ტრადიციების ამსახველი ფოტოების დათვალიერება.

მსვლელობის შემდეგ, ქალაქის ცენტრალურ პარკში გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი.

რუსთაველის, მშვიდობისა და რაკვერეს ქუჩებზე საზეიმოდ გაიხსნა სენაკთან დამეგობრებული ქალაქების: რაკვერესა და ბელაია ცერკოვის თემატური აბრები და ,,ბელაია ცერკოვის’’ სახელობის სკვერი. აღსანიშნავია, რომ სენაკში, გასული საუკუნის 70-წლებიდან რაკვერეს ქუჩაც არსებობს.

სკვერის გახსნას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, საქართველოს საპატიო სტუმრები: უკრაინის ქალაქ ბელაია-ცერკოვის მერი გენადი დიკი, უკრაინის რადის დეპუტატი ხვიჩა მეფარიშვილი, ესტონეთის კონსული საქართველოში იურგი ლოო, ესტონეთის ელჩის თანაშემწე ნატალია ფანჯიკიძე, საქართველო-ესტონეთის მეგობრული ურთიერთობის საინიციატივო ხელმძღვანელი ირინა ჩხიკვიშვილი, უკრაინელი ბიზნესმენები, სენაკის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ეგრისობა საღამოს გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება.

 

მსგავსი თემები