„ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები“ – მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა შეწყვიტა

შეხვედრების შეზღუდვისა და ტელევიზორის ჩამორთმევის გამო, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ისევ პროტესტს უბრუნდება და მკურნალობის პროცესს აჩერებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყნის მესამე პრეზიდენტი საკუთარ წერილში ხსნის.

„გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევის გამო. დაახლოებით 6 საათში ამ განცხადებიდან, ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომელშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები. მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას, დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემს წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას.

ამის შემდეგ, დედაჩემს, რომელსაც ჰქონდა ყველანაირი ნებართვა შემოსვლისა და ჩემი მონახულებისა, დაახლოებით 4 საათი აცდევინებდნენ ქუჩაში და დააბრუნეს უკან თბილისში. ასევე, არ უშვებდნენ ჩემს პირად ექიმს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, სანამ არ ჩაერია ჰოსპიტლის ადმინისტრაცია. ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე. მათ კი არ აიღეს ჩემი ღირსების შემლახველი კადრები, არამედ შურისძიება განახორციელეს ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ, მე ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შევწყვეტ ამ პროტესტს სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები