ეკონომიკის სამინისტრომ 80-90-იანი წლების “ტეხასმოტრი” დააბრუნა – დავით მესხიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია ‘ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის შეფასებით, ეკონომიკის სამინისტრომ 80-90-იანი წლების “ტეხასმოტრი” დააბრუნა და ფურცელზე დარჩა ჰაერის გაჯანსაღების ვალდებულება და არაერთი დირექტივა, რომელიც საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს შესასრულებელი.

მისივე თქმით, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროექტს შედეგად ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა თუ სიცოცხლის გადარჩენა უნდა მოჰყოლოდა.

დავით მესხიშვილი, ამ საკითხთან დაკავშირებით სტატუსს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აცხადებს, რომ მენეჯმენტის არარსებობის, არაკომპეტენტურობისა და სავარაუდო კორუფციის გამო პროექტი ჩავარდნილია, რაზეც პასუხისმგებლობა ეკონომიკის სამინისტროს ეკისრება.

“ეკონომიკის სამინისტრომ 80-90-იანი წლების “ტეხასმოტრი” დააბრუნა. ეკონომიკის სამინისტრო არის პასუხისმგებელი იმ კორუფციულ ფაქტებზე რაც ინსპექტირების ცენტრებში დაფიქსირდა. ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის, მთავარი მიზანი გამონაბოლქვისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება იყო, საბოლოოდ კი ამას, შედეგად ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა თუ სიცოცხლის გადარჩენა უნდა მოჰყოლოდა.
შეგახსენებთ, რომ ინსპექტირების პროექტის განხორციელების და ჰაერის გაჯანსაღების ვალდებულება, აღებული გვქონდა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებითაც და ამასთან ერთად შეასრულებელი იყო არაერთი ევრო-დირექტივაც. დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ ეს ყველაფერი ფურცელზე დარჩა განუხორციელებლად. და როდესაც მე ვთქვი, რომ ინსპექტირების პროექტი ჩავარდათქო, ეს უბრალოდ ხმაურიან განცხადებად მოინათლა. დიახ, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ჩააგდო სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების უმნიშვნელოვანესი პროექტი! მიზეზი? მენეჯმენტის არარსებობა, არაკომპეტენტურობა და სავარაუდო კორუფცია! თუმცა რაღა სავარაუდო. კარგია, რომ ფინანსთა სამინისტრომ გამოავლინა ის ფაქტები, რაზეც ჩვენ ბოლო ერთი თვეა აქტიურად ვსაუბრობთ”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვედრზე დავით მესხიშვილი.

აღსანიშნავია, რომ, თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე, კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე  ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ.

მსგავსი თემები