თბილისის ბაგა-ბაღების სპეციალური პედაგოგები დღეიდან ერთიანი სახელმძღვანელოთი იმუშავებენ  

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების სპეციალური პედაგოგები ​ დღეიდან, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების მსგავსად, ერთიანი სახელმძღვანელოთი იმუშავებენ, რომლის პრეზენტაციაც კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მულტიდისციპლინურ გუნდებს, რამდენიმეთვიანი გადამზადების კურსის გავლის შემდეგ, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
სატრენინგო კურსი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა და გადამზადება სპეციალურმა პედაგოგებმა, ფსიქოლოგებმა და ლოგოპედებმა გაიარეს.
სატრენინგო კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ გადასცა.
პროექტის ტრენერებმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა, თინათინ ჭინჭარაულმა და ნინო ცინცაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მისი შედეგები შეაჯამეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აუტიზმის თემაზე, ამ მიმართულებით არსებულ თანამედროვე მიდგომებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებაში.
შეხვედრას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა, რომელიც პროექტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია.
ღონისძიების დასასრულს, კახაბერ გვანცელაძემ, განათლების მიმართულებით სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემაში თანამედროვე საერთაშორისო მეთოდოლოგია და სტანდარტები დროულად და ეფექტიანად დაინერგოს.

მსგავსი თემები