“სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი გეყოლებათ პოლიტიკურ ტყვეობაში, იქამდე კრიზისი ვერ დასრულდება” – ლევან ხაბეიშვილი

შემიძლია გავუმეორო ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი მარტივი რამის გამო – სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი გეყოლებათ პოლიტიკურ ტყვეობაში, მანამდე, პოლიტიკური კრიზისი ვერ დასრულდება, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ხაბეიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან ისაუბრა მომატებულ ფასებზე და ასევე – გეგმებზე.

„ასე სუსტად პრეზიდენტი სააკაშვილი არ მინახავს, რაც, დიდი ალბათობით, წამების შედეგია, რომელიც ამ ადამიანს გლდანის ციხეში განაცდევინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით, ამის გამო ძალიან ვწუხვარ. ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანის განათლებას, ტვინს, ენერგიას ვიყენებდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, ტყვედ ჰყავთ, დილეგში ჰყავთ ფაქტობრივად და ამ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. რაც შეეხება ჩვენი საუბრის თემას, მე, ფაქტობრივად, თვეზე მეტია არ მინახავს და საუბრის მთავარი თემა იყო გაძვირებული ფასები, ახალი წელი მოდის და წუხს, რომ ადამიანებს ელემენტარული პირობები არ აქვთ, რომ ახალ წელს შეხვდნენ, წუხს იმის გამო, რომ ყოველდღიურად ტელევიზორში უყურებს, ხედავს და აანალიზებს, რომ კატასტროფულად იზრდება ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე და ამასობაში, ეს ადამიანი ვერ აკეთებს ვერაფერს იმიტომ, რომ თავად არის ტყვედ, თავად არის მძევლად, თავად არის წამების ქვეშ და ამიტომ უმძიმს ამ რეალობის აქედან ყურება. ეს იყო მთავარი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ და ვისაუბრეთ გეგმებზე და შემიძლია გავუმეორო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი მარტივი რამის გამო – სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი გეყოლებათ პოლიტიკურ ტყვეობაში, მანამდე, პოლიტიკური კრიზისი ვერ დასრულდება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები