“ბიძინა ივანიშვილი რომ არის მეცენატი, ამაზე მხოლოდ მის მიერ გადარჩენილი 900-ზე მეტი უნიკალური ძეგლიც მეტყველებს” – სოზარ სუბარი

პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა ისტორიის სახელმძღვანელოებში ბიძინა ივანიშვილის შეყვანის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ბოლო წლების განმავლობაში 900-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აქვს აღდგენილი, რისი გაკეთებაც სხვა ადამიანს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გაუჭირდება:

“ბიძინა ივანიშვილი რომ არის მეცენატი ამაზე მხოლოდ ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რაოდენობა მეტყველებს, რომელიც მას აქვს გადარჩენილი. ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა 900-ზე მეტი უნიკალური ძეგლი, აღადგინა ეკლესიები, ფრესკები და ა.შ. ამაზე დიდ საქმეს ადამიანი ვერცერთი ქვეყნის ისტორიაში ვერ გააკეთებს,” – განაცხადა სუბარმა.

მისი აზრით, “ნაციონალური მოძრაობა”და მიხეილ სააკაშვილი ისტორიაში მოღალატის სახელით შევლენ, ისე, როგორც სერგო ორჯონიკიძე, კახაბერ ყორღანაშვილი და იასე ფალავანდიშვილი.

“როცა ვლაპარაკობთ მოგვწონს თუ არა ეს სახელმძღვანელოები, რა თქმა უნდა არ მომწონს, რადგან ისტორიის სახელმძღვანელოები უნდა ასახავდეს, დადებითსაც და უარყოფითსაც. ჩვენ მაგალითად არ გვეცოდინებოდა სერგო ორჯონიკიძის, კახაბერ ყორღანაშვილის და სხვა მოღალატეების სახელები, რომ არა ისტორია. ისტორია მხოლოდ გმირებს არ იცნობს, იცნობს მოღალატეებსაც, ამიტომაც სახელმძღვანელოში უნდა იყოს იმ მოღალატეების სახელებიც, რომლებმაც მისცეს რუსეთს შესაძლებლობა მოეხდინათ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და შემდეგ სტრასბურგში საქართველოს დააბრალეს ეს ოკუპაცია. აი ეს უნდა იყოს შეტანილი ისტორიის სახელმძღვანელოში, იმიტომ რომ სტრასბურგში არამხოლოდ ის დააბრალეს საქართველოს, რომ საქართველომ დაიწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ, არამედ დააბრალეს, რომ საქართველომ დაარღვია საკუთარი მოქალაქეების უფლებები და საქართველომ გამოიყენა აკრძალული იარაღი ომში, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. აი ეს დააბრალა მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს სტრასბურგის რეზოლუციაში. რომ არ ყოფილიყო ქართული ოცნება და თეა წულუკიანის გუნდის დაუღალავი შრომა, ჩვენ ვერ მოვიგებდით სტრასბურგის სასამართლოში ამ საქმეს იმდენად მძიმე დოკუმენტი იყო დადებული სასამართლოში 2008 წელს ნაციონალური მოძრაობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ. ეს უნდა შედიოდეს საქართველოს ისტორიაში, როგორც სერგო ორჯონიკიძის, კახაბერ ყორღანაშვილის და იასე ფალავანდიშვილის სახელები,” – განმარტა სოზარ სუბარმა.

მსგავსი თემები