“რა ეწყინა ამ ხალხს – მეცენატი არ არის ბიძინა ივანიშვილი, თუ ქველმოქმედი?” – მამუკა მდინარაძე ისტორიის სახელმძღვანელოზე

“ქართული ოცნები” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა განცხადებებს, სკოლის სახელმძღვანელოში 2008 წლის აგვისტოს ომის ჩანაწერთან დაკავშირებით. მამუკა მდინარაძის თქმით, ჩანაწერი ისტორიის სახელმძღვანელოში არ იძლევა იმგვარი ინტერპრეტირების საშუალებას, თითქოს 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო. 

“ამ ქვეყანაში ვინც არ უნდა იყო და რომელ პარტიასა და მედიასაშუალებასაც არ უნდა წარმოადგენდე, უნდა იყოს ერთი მარტივი დათქმა – სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არანაირი ნარატივის გატარება არ შეიძლება. როდესაც სახელმძღვანელოში ამოიკითხავ ფრაზას, რომ საკუთარ რეგიონში, საკუთარ ტერიტორიაზე შეყვანილ იქნა შეიარაღებული ძალები, ამას არ უნდა მისცე იმგვარი ინტერპრეტაცია, როგორც გააკეთა “ნაცმოძრაობის” რამდენიმე ტელევიზიამ თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებმა, რომ თითქოს საქართველოს ომი დაიწყო, ეს არ უნდა დააბრალო საკუთარ ქვეყანას და არ უნდა გამოაჩინო ისე საზოგადოების თვალში, როგორც ეს აწყობ ოკუპანტ სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციას. საერთაშორისო მართლმსაჯულების დროს ყველა სიტყვას და განცხადებას, ყველა ინტერპრეტაციას შეიძლება მიეცეს ისეთი სახე, რაც დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ქართულმა რომელიმე მედიასაშუალებამ არ უნდა გააკეთოს. მხოლოდ რიტორიკული კითხვა შეიძლება დაისვას – აბა რა უნდა ჩაწერილიყო სახელმძღვანელოში, რაც ეწერა იმ რეზოლუციაში, რომელსაც “ნაცმოძრაობამ” მხარი დაუჭირა და რაც იყო ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედება?! იქ ეწერა, რომ თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს სამხედრო მოქმედებები, რაც არის დადანაშაულება, დაბრალება საკუთარი ქვეყნისთვის და საკუთარი ჯარისკაცებისთვის იმის, რაც მათ არ ჩაუდენიათ.

რაც იმ სახელმძღვანელოში წერია, ამის გადათარგმნა იმგვარად, რუსულად, ოკუპანტის ენაზე, თითქოს, განათლების სამინისტრო და სახელმძღვანელოს ავტორი ომის დაწყებას აბრალებს საქართველოს, არის ცალსახა ტყუილი, რომელიც აწყობს რუსეთის ფედერაციას, ოკუპანტ ქვეყანას,”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მმართველი გუნდის ლიდერი გამოეხმაურა განცხადებებს ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ჩანაწერზეც და აღნიშნა, რომ ჩანაწერი შეფასებითი არ არის და ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანილი ინფორმაცია პოლიტიკოსების ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს. 

“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს – მე არ ვიცი, რა ეწყინა ამ ხალხს. იმ სახელმძღვანელოში რაც ვნახე, ყველა პრეზიდენტზეა საუბარი. პოლიტიკოსების ცენზურას არ უნდა დაექვემდებაროს ისტორიის სახელმძღვანელოში ჩანაწერები და, როგორც ჩანს, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები რომ იყვნენ ხელისუფლებაში, მათ ცენზურას დაექვემდებარებოდა, ოღონდ, საკუთარი ინტერპრეტაციით. ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს განათლების სამინისტროს რომელიმე გადაწყვეტილება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავაკრიტიკოთ, თუ იქ იქნება შეფასებები, მაგრამ როდესაც იქ არის ფაქტები, ამ ფაქტებზე ამგვარი ინტერპრეტაციები არ უნდა მოვაყოლოთ. არ ვიცი რა ეწყინათ – ის, რომ მეცენატად არის მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი თუ ქველმოქმედად? რომელი არ არის მართალი? თუ დემოკრატიულად არ მოხდა ხელისუფლების ცვლილება?,”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მსგავსი თემები