ლევან დავითაშვილმა, ტექნოპარკში, საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ტექნოპარკში, საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge გახსნა. აღნიშნული შეჯიბრი თავს უყრის ეკოსისტემის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნიდან გლობალური თანამშრომლობის წასახალისებლად.

ლევან დავითაშვილმა, მისასალმებელ სიტყვაში, სოფლის მეურნეობის დარგში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების  და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ერთ-ერთი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესაა ჩვენი ახალგაზრდების ჩართვა სოფლის მეურნეობაში. ინოვაციების მიმართულება არის გზა, რომ ახალგაზრდები დავაინტერესოთ სასოფლო-სამეურნეო სექტორით და ამის მაგალითები უკვე გვაქვს; არის ბევრი სტარტაპი, მათ შორის წარმატებულიც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ვართ ძალიან მწვავე კლიმატის ცვლილების პერიოდში. ეს საკითხი პარიზის კლიმატის შეთანხმების ბოლო შეხვედრაზე, გლაზგოშიც იყო აქტიურად განხილული. ყველა ქვეყანამ მკაფიო განცხადებები გააკეთა, დაისახა ამბიციური მიზნები და ვალდებულებები კლიმატის ცვლილების შესარბილებლად. კლიმატის ცვლილების შერბილება სასურსათო სექტორში ეფექტიანობის ზრდის პარალელურად, არ გამოვა ინოვაციების და ტექნოლოგიების გარეშე. აგროსასურსათო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზემოქმედია ბუნებაზე; ეს ყოველივე კი, შეიძლება გადაწყდეს ინოვაციებით, კვლევებით, აღმოჩენებით და სწორი მიგნებების სწორად დანერგვით. მინდა გისურვოთ წარმატებები; გვიგულეთ თქვენ მხარდამჭერად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა; ის მიგნებები, რომელიც იქნება წარმოდგენილი და აქვს პრაქტიკული გამოყენების შანსი, გვინდა, რომ სწრაფად იყოს გაზიარებული, ერთი მხრივ, მეწარმეების და ფერმერების მიერ, მეორე მხრივ კი,  გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები