„მქონდა დუმილის ვალდებულება, რომ არ დამენერგა პანიკა მოსახლეობაში“ – ჯანდაცვის მინისტრი აცრაზე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ არ არის ამ დრომდე ორჯერადად აცრილი და აღნიშნა, რომ მას კორონავირუსის გამო, გარკვეული პრობლემები შეექმნა. როგორც მინისტრი აცხადებს, მიღებული აქვს გადაწყვეტილება და ვაქცინის საკუთარ დოზას მიიღებს.

„პირველი დოზა გავიკეთე “ასტრაზენეკას” ვაქცინით, რომელიც იმ პერიოდისთვის იყო მიღებული ჩემი ასაკის მოქალაქეებისთვის.  შემდეგ იყო სხვადასხვა მოსაზრება. სანამ მეორე ვაქცინა მეკუთვნოდა, უკვე ვიყავი ინფიცირებული. მერე გამოვიდა ახალი დადგენილება, რითაც უკვე გარკვეულ რისკებს შეიცავდა და ამან რა თქმა უნდა, ჩემს ჯანმრთელობაზეც გარკვეული მცირედი გავლენა მოახდინა. დღეს,  დასაშვებია, ადამიანები, რომლებიც არ არიან სხვა ტიპის ვაქცინით აცრილები, მათ აქვთ საშუალება მიიღონ დამატებითი დოზა “ფაიზერის” ვაქცინის. ამიტომ, ეს იყო საკმაოდ რთული პროცესი, რომელიც რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე გახდებოდა საჯარო, შეიძლება გარკვეული კამათის ან დისკუსიის საგანი გამხდარიყო, იყო ეს სიმართლე თუ ტყუილი. ვინაიდან, ჩვენ არ გვქონდა კონკრეტული პასუხები ამასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, მეც მქონდა გარკვეული დუმილის ვალდებულება როგორც ჩემს ჯანმრთელობასთან მიმართებაში, ასევე რომ არ დამენერგა გარკვეული პანიკა მოსახლეობაში. მე მივიღებ ჩემს კუთვნილ დოზას ვაქცინის“, – განაცხადა მინისტრმა „რუსთავი 2“- თან.

მსგავსი თემები