ყალბი კოვიდაPfizer-ით აცრის ყალბი კოვიდპასპორტის დამზადებისთვის სუსმა 4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ექიმი დააკა

სუს-მა მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ექიმი დააკავა, რომლებიც ე.წ. არავაქცინირებულ პირებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ-გვერდზე უკანონოდ არეგისტრირებდნენ და აცრილებად აღრიცხავდნენ. 

“ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს მოქალაქის კოვიდსაწინააღმდეგო „ფაიზერის” ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი და უკანონოდ დაარეგისტრირეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. რის შედეგადაც მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი იმუნიზაცია, აღირიცხა აცრილად. შესაბამისად, მიენიჭა სახელმწიფოს მიერ კოვიდრეგულაციის ფარგლებში დადგენილი შეღავათები.
გარდა ხსენებული ეპიზოდისა, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქმედება არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს, ბრალდებულები სისტემატურად ახორციელებდნენ არავაქცინირებული პირების ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე რეგისტრაციას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით.
ამჟამად მიმდინარეობს ხსენებული პირების იდენტიფიცირება და პარალელურ რეჟიმში ტარდება ინვენტარიზაცია 4 სამედიცინო დაწესებულებისთვის გადაცემული ვაქცინის ხარჯვის კანონიერების დასადგენად,”- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მსგავსი თემები